
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩევლად 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა
15/03/2024 09:27:37 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ "დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩევლად 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა". ამ პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრები იყყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე.
თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ხიდაშელს უწყებაში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება.
"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ შემდეგი:
2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად.იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება", – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 14 მარტს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა:
“ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული".
იხილეთ ასევე: კონფლიქტებზე საუბარი კაფეში: რა დგას ამ პრივატული, თუმცა საჯარო შეხვედრის უკან