კონფლიქტებზე საუბარი კაფეში: რა დგას ამ პრივატული, თუმცა საჯარო შეხვედრის უკან

07-03-2024 16:01:18 პოლიტიკა ,ეს საინტერესოა

პარტია "დროას" ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პარლამენტის ვიცესპიკერს გია ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე ესაუბრა. ამ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტთან მდებარედ, ერთ-ერთ კაფეში შედგა და მათ "დროას" წევრები შეესწრნენ. პარტია ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც 6 მარტით არის დათარიღებული. მოგვიანებით შეხვედრა დეპუტატმა ვოლსკიმაც დაადასტურა. დავით ხიდაშელს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

"დროაში" ამბობენ, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და ცხინვალთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანაზე, ბიზნეს ურთიერთობებზე და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. საუბრის სრული ვერსიის გავრცელებას პარტია მოგვიანებით გეგმავს.

"ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

  • 1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
  • 2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
  • 3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
  • 4. "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
  • 5. "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  • 6. “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
  • 7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  • 8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს".

"მომსწრენი გავხდით საქართველოს წინააღმდეგ ფარული შეთქმულების",– ამბობენ დროაში".

რას ამბობენ ხელისუფლებაში

ვოლსკიმ 7 მარტს მედიას უთხრა, რომ შეხვედრა ხიდაშელის ინიციატივით შედგა, საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებითო".

"გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო რუსეთთან შეთანხმება და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ” გააფორმა რუსეთთან. მაგრამ ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება, საერთაშორისო მონაწილეობით მითუმეტეს რუსეთთან, პრაქტიკულად არა შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის.

რაც შეეხება კონფედერაციას, ეს სიტყვა საკმაოდ ხმამაღლა ახსენა, ისე, რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდეც, რომ კარგი იქნება, აფხაზეთთან შეიქმნას კონფედერაცია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი არ არის[...].

ისიც თქვა კი, რომ "იქნებ პირადი ურთიერთობები კარგი იყოს აფხაზურ მხარესთან" – ამას დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა ელაპარაკოს ქართულ მხარეს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რაც ამასთან დაკავშირებით შეუძლებელს ხდის", - თქვა ვოლსკიმ.

დღის მეორე ნახევარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე თქვა, "დაწვრილებით ვესაუბრე" ვოლსკის და ხიდაშელის "გავლით არანაირი გეგმები არ გვაქვსო".

„გარეჯი 2“?

ეს ადამიანი არ არის სანდო საქართველოსთვის, რადგან ვიცით, რომ ის არის რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი“,– ამბობს დეპუტატი თამარ კორძაია თემის კომენტირებისას.

დაახლოებით მსგავსი პოზიცია აქვს დეპუტატ თეონა აქუბარდიასაც:

„როდესაც გვყავს ფარცხალაძე (მხრილებული ეფესბეს–თან კავშირში), რომელსაც აქვს გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტკურ ცხოვრებაზე, გვყავს ხიდაშელი (რომელსაც მადლიერების ნიშნად ჯერ რაჭის ტყეები გადასცეს, შემდეგ უკან წაიღეს) და საუბარია აფხაზეთთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ცხადია ეს რუსეთის ინტერესების ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა საქართველოსი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ ეთნიკურად ქართველი და სულით რუსი ადამიანები „ალაგებენ“ მათთან არაფორმალური ურთიერთობებით საკუთარ ბიზნეს თუ პოლიტიკურ ინტერესებს“.

დეპუტატი პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ეს არის ცრუ დღისწესრიგი – „გარეჯი2“:

„ერთი გარეჯი დგვიბრუნეს და მეორე აფხაზეთს დაგვიბრუნებენ. ესენი მოკლეფეხება პროპაგანდისტები არიან. საქართველოს ერთიანობა დამოკიდებულია ლიერ საქართველოზე, ევროკავშირის წევრ საქართველოზე. თავად აფხაზებიც ამბობენ, რომ აფხაზური „პასპორტით მივდივართ სამ ქვეყანაში, საქართველოს პასპორტიდ დადიან 100–ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის მათთვის მიმზიდველი და არა ის, რაზე დაილაპარაკებენ ხიდაშელი და ვოლსკი და რას გადაწყვეტენ“.

სპეციალისტების ნაწილს ამ ფაქტობრივად საჯარო შეხვედრიდან დარჩა განცდა, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ მოქალაქეებისთვის „ანკესს“ ამზადებს კონფლიქტების მტკივნეული თემის გამოყენებით, თითქოს რუსეთის „შუამავლობითაა შესაძლებელი ტერიტორიული მლიანობის აღდგენა“. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მიმართულებით ნიადაგი პერიოდულად ისინჯება ხოლმე მმართველ გუნდთან აფილირებული პირების მიერ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ ეპიზოდში მისთვის ყველაზე მიუღებელია რუსეთის შუამავლობის კონტექსტი.

„საერთო საუბარში ხიდაშელი ამბობს, რომ აქვს რაღაც კავშირები აფხაზურ მხარესთან, ჰქონდა კონტაქტები ღარიბაშვილთან და მოუწოდებდა ღარიბაშვილს, დე ფაქტო ხუთ მინისტრთან ჰქონოდა კონტაქტები და ეს ყველაფერი არის რუსეთის გავლით. ადამიანისთვის, რომელიც 30 წელია, ამ პროცესში ვარ ჩართული, მთავარი მიუღებელი საკითხი რუსეთია. ყოვლად დაუშვებელია, რუსეთთან რაიმე ფორმით ხდებოდეს აფხაზეთის თემაზე საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ამ მიმართულებით მივდივართ. ამიერიდან ევროპის პროექტი უნდა იყოს კონფლიქტების მოგვარება და აი, ამ ფონზე ხიდაშელის ჩამოსვლა და კონტაქტების ძებნა მმართველი ძალის პოლიტიკოსებთან, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. ახლა საინტერესოა, კიდევ ვის შეხვდა. ნათელია, რომ შეხების წერტილებს ეძებს“.

მისი დაკვირვებით, „ხიდაშელი ფაქტობრივად რუსეთის ელჩია საქართველოში: ჩამოაქვს იდეები (რუსეთიდან ჩამოიტანა გარეჯის რუქები და კიდევ ღმერთმა იცის, ვინ ჩასჩრა ხელში მას ეს რუქები. დღემდე არ ვიცით, რა რუქებზეა ლაპარაკი). აშკარად ჩანს, რომ სადაც არის ხიდაშელი, იქ არის დაძაბულობა და იქ უნდა ელოდო რუსეთიდან წამსულ პრობლემებს“.

რაც შეეხება კონფედერაციას, ზაქარეიშვილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს:

„ასეთი უაზრობა უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს დედამიწის ზურგზე. 60–იან წლებში იყო მოდური, განსაკუთრებით არაბულ სახელმწიფოებში, იყო რიგი მცდელობები, მაგრამ ყველაფერი ჩამოიშალა, ომედიც კი დაიწყო კონფედერაციის სახელმწიფოს შორის. კონფედერაციამ, როგორც სახელმწიფოს მოწყობამ და არა მმართველობის სისტემამ, არ გაამართლა, განსხვავებით ფედერაციისგან. ამიტომ, ვინც ამას ახსენებს, არის არაკომპეტენტური და უმეცარი. „ობივატელური“ გაგებით, ეს არის ორი ან მეტი სახელმწიფოს (საერთაშორისო სამართლის სუბიექტის) კავშირი. დღევანდელობასთან კონფედერაციას არაფერი აქვს საერთო, შემორჩა მხოლოდ სხვადასხვა თეორიებში, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს არის თეორიული თემა, რომელიც პრაქტიკაში ვერანაირად ვერ გადმოდის და ვერ ხორციელდება. ამიტომ, არავინ დედამიწაზე, პირველ რიგში ევროკავშირი, არ შემოგვთავაზებს კონფედერაციას. თუ რუსეთი შემოგვთავაზებს, ეს იქნება ქართველების უვიცობაზე გამიზნური, რათა ანკესს წამოვეგოთ და დავიწყოთ მსჯელობა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები