
ლატვია ქვეყნიდან რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაციას აპირებს
15/03/2024 05:43:18 მსოფლიო
ლატვია ქვეყნიდან რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაციას აპირებს.
„ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, მათ არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის თხოვნით არ მოუმართავთ.ამ პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ლატვიაში. თუ არიან, გასვლის ბრძანება გამოიცემა“, - განაცხადა ლატვიის მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მადარა პუკემ.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ლატვიური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს, შეეძლოთ, ორი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვისთვის მიემართათ, რის შემდეგაც მათი ლატვიური ენის ცოდნა კვლავ შემოწმდებოდა.
ცნობისთვის: 16 თებრვალს ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, აღიარა კანონით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც ლატვიაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ავალდებულებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და ბინადრობის უფლების გასაგრძელებლად შემოსავლის წყარო მიუთითონ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მოქალაქეების ბინადრობის უფლების გადახედვა არის დასაბუთებული ქმედება სახელმწიფოსი, რომელსაც სურს, დარწმუნდეს, რომ მისი მცხოვრებლები არ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას.