
მოლდოვას სეპარატისტულმა რეგიონმა "დახმარებისთვის" რუსეთს მიმართა
28/02/2024 13:03:41 მსოფლიო
დნესტრისპირეთის ე.წ. "ხელისუფლებამ" რუსეთს მიმართა, ჩაერიოს მოლდოვის მხრიდან „ეკონომიკური ბლოკადის“ საკითში. შესაბამისი "დეკლარაცია" დეპუტატთა ყრილობაზე მიიღეს, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, იუწყება ადგილობრივი არხი TSV.
„გადაწყდა, რომ მივმართოთ ფედერაციის საბჭოს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, განახორციელოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად მოლდოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის პირობებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დეპუტატები ითხოვენ "გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის 220 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს" ამ რეგიონში.
მათი თქმით, მიმართვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „დნესტრზე რუსული სამშვიდობო ძალების უნიკალური პოზიტიური გამოცდილების გამო და ასევე იმიტომ, რომ რუსეთს აქვს „გარანტორისა და შუამავლის სტატუსი მოლაპარაკებების პროცესში“.
მიმართვის ინიციატორი იყო დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტი ვადიმ კრასნოსელსკი.
იხილეთ ასევე: ISW: კრემლი უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჰიბრიდული ოპერაციისთვის პირობებს ამზადებს
დნესტრისპირეთი არის მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი, რომელიც კიშინიოვის კონტროლს არ ექვემდებარება 1992 წლიდან. რუსეთს დნესტრისპირეთში 1700-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.
განახლება
მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერის დანიელ ვოდეს თქმით, მოლდოვის მთავრობაში თვლიან, რომ დნესტრისპირეთის “დეპუტატების სხდომა” და მისი გადაწყვეტილებები ესკალაციისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს არ ქმნიან:
“ეს ღონისძიება კრემლისა და მათ მიერაა დაგეგმილი, ვინც დნესტრის მარცხენა მხარეს იმყოფება. დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავთ. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმეორებთ, რომ ამ რეგიონს ასევე სურს მშვიდობა და უსაფრთხოება”.
მოლდოვის მთავრობის სპიკერმა ტირასპოლში ჩატარებულ სხდომას წმინდად პროპაგანდისტული მოვლენა უწოდა, “ხრიკი, რომელიც უცხოელი ჟურნალისტების პირდაპირ ტრანსლაციებსა და დაძაბულ სათაურებს არ იმსახურებს.”