Accentnews.ge
ISW: კრემლი უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჰიბრიდული ოპერაციისთვის პირობებს ამზადებს

ISW: კრემლი უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჰიბრიდული ოპერაციისთვის პირობებს ამზადებს

15/02/2024 08:07:12 მსოფლიო

კრემლი აწარმოებს საინფორმაციო ოპერაციებს მოლდოვას წინააღმდეგ, რაც ძალიან ჰგავს იმ ოპერაციებს, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინაში შეჭრის წინ, სავარაუდოდ, პირობების შესაქმნელად, რათა გაამართლოს რუსეთის მხრიდან შესაძლო მომავალი ესკალაცია, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ანგარიშში.

„მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული ოპერაციის შესაძლო დრო უცნობია, მაგრამ კრემლი ქმნის საინფორმაციო პირობებს, რათა ეს შესაძლებელი გახდეს უახლოეს მომავალში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

კერძოდ, ანალიტიკოსები მიუთითებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 14 თებერვლის განცხადებაზე. მან დნესტრისპირეთის კონფლიქტის კომენტირებისას თქვა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი აკონტროლებენ მოლდოვას მთავრობას და რომ დასავლეთმა შეაჩერა დნესტრისპირეთზე მოლაპარაკებების პროცესი 5+2 ფორმატში. ამ ფორმატში შედიოდნენ რუსეთი, უკრაინა, დნესტრისპირეთი, მოლდოვა და ეუთო, როგორც შუამავლები, ასევე ევროკავშირი და აშშ, როგორც დამკვირვებლები.

ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს“ 5+2 პროცესის განახლებისთვის. მოლდოვას ვიცე-პრემიერმა ოლეგ სერებრიანმა 28 იანვარს განაცხადა, რომ მოლდოვა არ დაუბრუნდება აღნიშნულ პროცესს, ვიდრე უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება და ვიდრე რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები არ გაუმჯობესდება.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის დაახლოებით 200 000 მოქალაქეა და რომ რუსეთი "აწუხებს მათი ბედით" და "არ დაუშვებს, ისინი გახდნენ კიდევ ერთი დასავლური ავანტიურის მსხვერპლნი".

„ISW კვლავ თვლის, რომ კრემლის ოფიციალური პირები და რუპორები ცდილობენ, შექმნან საინფორმაციო პირობები, რათა გაამართლონ რუსეთის შესაძლო ქმედებები მოლდოვას დესტაბილიზაციისა და დასავლეთში მისი ინტეგრაციის პრევენციის მიზნით, და ის ფაქტი, რომ ლავროვი ამ ნარატივებს ავრცელებს... მიუთითებს, რომ კრემლი ორგანიზებას უწევს უფრო ფართო ძალისხმევას საინფორმაციო სივრცეში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

თებერვალში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა რუსეთის გეგმა ქვეყნის დესტაბილიზაციის შესახებ. სანდუს თქმით, მოსკოვს კიშინიოვში თავისი პროტეჟების ხელისუფლებაში მოყვანა სურს. სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნებია, შეაჩეროს ქვეყნის ევროინტეგრაცია და გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანდუს განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.

დნესტრისპირეთი არის მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი, რომელიც კიშინიოვის კონტროლს არ ექვემდებარება 1992 წლიდან. რუსეთს დნესტრისპირეთში 1700-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S