რუსების ძებნილთა სიაში ალეკო ელისაშვილიც აღმოჩნდა
13/02/2024 11:14:21 პოლიტიკა, საზოგადოება
რუსეთის შსს–ს მიერ ძებნილთა სიაში საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არიან. მათ სავარაუდოდ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობას ედავებიან. ისინი ნამდევლად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა.
რუსეთის შსს–ს ბაზები "მედიაზონამ" შეისწავლა, საიდანაც ირკვევა, რომ იმ უცხოელებს შორის, რომელთაც რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული უკრაინის თავდაცვით ომში მონაწილეობისთვის, ქართველები ლიდერობენ. ჯამში 100 ადამიანზეა საუბარი.
"საძაგელი, ოკუპანტი, ცივილიზაციის მტერი ქვეყანა თუ გეძებს, ესე იგი სწორად გიცხოვრია და ეს ძალიან მახარებს",– ეხმიანება ცნობებს ალეკო ელისაშვილი.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სწორედ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას უნდა უკავშირდებოდეს:
"კი, ვიყავი უცხოურ ლეგიონში. იქ ვმსახურობდი რიგითად. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ სულ ოთხი დღე ვიყავი საბრძოლო მოქმედებებში (ჯამში ოთხი თვე ვიყავი იქ). ჩემზე არ იყო დამოკიდებული – ჯარი ძალიან ვერტიკალური სტრუქტურაა. გული იმაზე მწყდება, უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და უფრო მეტი ოკუპანტი რატომ არ "გავუშვი" იქით".


