
მედია: უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთის ძებნილთა სიაში ქართველები ლიდერობენ
13/02/2024 07:50:29 საზოგადოება
"მედიაზონამ" შეისწავლა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი ძებნილთა სია და გაარკვია, რომ უკრაინაში მებრძოლი საერთაშორისო ლეგიონის ჯარისკაცები და უკრაინის არმიის სხვა უცხოური ქვედანაყოფები მოსკოვის მიერ ძებნილი უცხოელების ერთ–ერთი მსხვილი კატეგორიაა. მათ შორის ქართველები ლიდერობენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „უცხოელი დაქირავებულები“ საჯარო გამოსვლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თემაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის, ხოლო მათ შემდეგ ალექსანდრე ბასტრიკინის. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე რეგულარულად აგროვებს ანგარიშებს თანამშრომლებისგან მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე. თებერვლის დასაწყისში გამართულ ბოლო შეხვედრაზე მას უთხრეს: „ამჟამად მიმდინარეობს 46 ქვეყნიდან 593 უცხოელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება".
„მედიაზონამ“ საძიებო მონაცემთა ბაზაში 36 ქვეყნიდან 396 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებსაც რუსები უკრაინაში მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეძებდნენ. თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უფრო დიდ რაოდენობას ასახელებს. "უცნობია, ეს რასთან არის დაკავშირებული - შესაძლოა, ამ სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილე ყველა პირი არ იძებნება, ან შესაძლოა, ზოგიერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული იყოს, როგორც დაუდგენელი პირი",– აღნიშნავს გამოცემა.
ყველაზე დიდი ჯგუფი - 100 კაცი - საქართველოს მოქალაქეები არიან, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ ლეგიონთან ასოცირებული. გარდა ამისა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ბრიტანეთის 93 მოქალაქისა და 62 ბელარუსის წინააღმდეგ.
პუტინმა უკრაინაში მებრძოლ უცხოელები, მათ შორის ქართველები ახსენა ამერიკელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუშიც.
მისი თქმით, ქართველები, რომლებიც უკრაინის თავდაცვით ომში კიევის მხარეს იბრძვიან, უცხოელ მებრძოლთა შორის რიცხოვნობით მესამე პოზიციას იკავებენ:
"დაქირავებულთა უმეტესობა პოლონეთიდანაა. მეორე ადგილზე არიან აშშ–დან [მებრძოლები], მესამეზე – საქართველოდან".
გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ჯგუფის ხელმძღვანელზე მამუკა მამულაშვილზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა. მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მამულაშვილს "ქართული ლეგიონის" 70-ზე მეტ წევრთან ერთად დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი.
როგორც რუსული პროპაგანდისტული გამოცემა წერდა, მამულაშვილს ბრალად ედება "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და დაქირავებული სამხედროების გაწვევა."
რუსეთის მხრიდან მის მიმართ ძებნის დაწყებას "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "მიკვრის "ოცნებას" როგორ დაასწრეს".