
მნიშნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების გადაზღვევისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის - რა დოკუმენტს მოეწერა ხელი აშშ-საქართველოს შორის
01/02/2024 08:08:42 პოლიტიკა, საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული.
„მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ასევე - ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში, ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის - რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომელიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება“ - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება.
გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის კაილა ლასერსონის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერით ისინი საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობას აცხადებენ.
„მემორანდუმის ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ჩვენს პარტნიორობას ორივე სამინისტროსთან. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაქვს, რომლის გაგრძელებაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობის მიმართულებით გვსურს“ - განაცხადა ლასერსონმა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი თუშარ საინი აცხადებს, რომ ახლახან საქართველომ მიიღო აშშ-ს ინტენსიური მხარდაჭერის ქვეყნი სტატუსი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში.
„საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი, ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერისა და დაავადებათა საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გააჩნია ურყევი ნება აღნიშნული თანამშრომლობის მიმართულებით“ - განაცხადა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ზემოაღნიშნული მემორანდუმი მნიშნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების გადაზღვევის და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
იხილეთ ასევე: აშშ-ის დახმარება ჯანდაცვაში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე