
ომბუდსმენი: შევისწავლით აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას, ვარკვევთ დაკავებულთა ადგილსამყოფელს
23/01/2024 11:01:40 საზოგადოება
სახალხო დამცველი თბილისში, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და ამბობს, რომ აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.
"საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით", - წერია განცხადებაში.
ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები. იყო დაპირისპირება. იუწყებიან დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ.
მოგვიანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ, "წიწაკის სპრეი", რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზედაც მოვალემ უარი განაცხადა.