Accentnews.ge
„გვათრიეს, ფეხებით შეგვდგნენ“: ოჯახის იძულებით გამოსახლების შემდეგ დაკავებულების და დაშავებულების შესახებ იუწყებიან

„გვათრიეს, ფეხებით შეგვდგნენ“: ოჯახის იძულებით გამოსახლების შემდეგ დაკავებულების და დაშავებულების შესახებ იუწყებიან

23/01/2024 10:23:17 საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის #1–ში მდებარე ერთ–ერთი ბინდან ოჯახი დაპირისპირების ფონზე იძულებითი წესით გამოასახლეს.

აქტივისტები იუწყებიან დახურულ შენობაში ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შესახებ. არიან დაკავებულები და დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

„კარი შემოამტრიეს, ლეწავენ ყველაფერს“ – თქვა აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

ჟურნალისტები ყვებიან, რომ მათ არ ეძლეოდათ შენობაში მუშაობის შესაძლებლობა.

ჟურნალისტი ლუკა წიქარიშვილი იხსენებს, რომ სამართალდამცველებმა მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება, თუმცა განმარტა, რომ მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების უფლებას კანონი აძლევდა და ამას მოჰყვა ძალადობა:

„დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება, თავში მირტყეს, წამართვეს ტელეფონი, სათვალე დამილეწეს, ჩამაგდეს კარადებს შორის სივრცეში, ოპერატორიც მომაყოლეს, გვათრიეს, ფეხებით შეგვდგნენ“.

"გვითხრეს, ყველაფერს გამოვიყენებთ, სპეცრაზმით მოვალთო და შეასრულეს...დეიდაჩემს პირიდან სისხლი სდის, დედა კლინიკაში გადაიყვანეს, მე სულ მუხლები მირტყეს ზურგში როდესაც უკვე ჩემით გამოვდიოდი ბოლოს",– ამბობს გამოსახლებული ოჯახის წევრი.

"მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება",– დაწერა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ამჟამად კეკელიძეზე აქცია მიმდინარეობს. ოჯახის მხარდამჭერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადგილზე მივიდნენ.

განახლება

მოგვიანებით აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ, "წიწაკის სპრეი", რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

ასევე, მათივე ცნობით, სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა და დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზედაც მოვალემ უარი განაცხადა.

„2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S