Accentnews.ge
აფხაზეთს გადატრიალებისკენ უბიძგეს

აფხაზეთს გადატრიალებისკენ უბიძგეს

27/12/2023 14:48:25 კონფლიქტები

სოხუმში საყოლევთაო მღელვარებაა. აფხაზეთის "პარლამენტმა" „პრეზიდენტის“ ჩაწოდებით რუსეთს საკუთრებაში გადასცა მოცულობითი ტერიტორია ბიჭვინთაში, რომელიც „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ სახელითაა ცნობილი. საუბარია 184 ჰა რელიქტურ ტყეზე, ძვირფას სანაპიროსა და განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე.

სახელმწიფო აგარაკი მოიცავს უძრავ და მოძრავ ქონებას, რომელიც სოხუმმა რუსეთს უსასყიდლოდ გადასცა. ამასთან, მიწის ნაკვეთები, რომელზეც სახელმწიფო აგარაკის კომპლექსია განთავსებული, ისევე, როგორც მიმდენარე საზღვაო აკვატორია, რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცა, თითოეულ ნაკვეთში წელიწადში სიმბოლური 1 რუბლის გადახდის პირობით. შეთანხმების თანახმად, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი ყოველ 15 წელიწადში გახანგრძლივდება. მოსკოვს უფლება აქვს, მიწაზე, რომელიც რუსულ მხარეს იჯარით გადაეცა, სოხუმთან შეთანხმებით აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა და ახალ ნაგებობებზე საკუთრების უფლებაც რუსეთს ექნება. ამავდროულად, სოხუმთან შეუთანხმებლად ობიექტი ვერ გადაეცემა მესამე პირებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ შეთანხმებით სოხუმმა საბოლოოდ დაუთმო რუსეთს იურისდიქცია ამ მოცულობით ტერიტორიაზე. სახელმწიფო აგარაკზე გავრცელდება იმუნიტეტი და პრივილეგიები: საჰაერო და საზღვაო ხომალდები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სპეცტექნიკა, რომელიც სახელმწიფო აგარაკისკენ მიემართება, ვერ იქნება დაპატიმრებული, შეყოვნებული და შემოწმებული. რუსული სამოქალაქო პერსონალი, ისევე, როგორც სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში იქნებიან, ასევე ვერ დაექვემდებარებიან დაპატიმრებას ან დაკავებას და არც ადგილობრივი კომპეტენტური ორგანიებისთვის ჩვენების მიცემის ვალდებულება დაამძიმებთ. ობიექტის დაცვასაც ერთპროვნულად რუსეთის ფედერაცია განახორციელებს.

შეთანხმების თავდაპირველ ვერსიაში, მოსკოვის სურვილისამებრ, მითითებული იყო სახელმწიფო აგარაკის უფრო „მსუყე“ გეოგრაფიული კოორდინატები: მის საზღვრებში ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილიც კი იყო მოქცეული. მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად კრემლმა კოორდინატები ჩაასწორა - როგორც ჩანს, სახელმწიფო აგარაკის ძველ საზღვრებამდე.

შეგახსენებთ, რომ დღეს რატიფიცირებულ შეთანხმებას „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ მოსკოვში ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში მოაწერა ხელი, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო. შეუძლებელია, ბჟანიას არ სცოდნოდა, რომ სამშობლოში ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდებოდნენ. ასეც მოხდა. შეთანხმების ამ ვერსიის წინააღმდეგ ერთიან ფრონტად გამოვიდა მთელი ოპოზიციური სპექტრი, პროტესტმა დაპირისპირებულებიც კი გააერთიანა; მოწოდებით, არ მიეღოთ ეს შეთანხმება, დე ფაქტო ხელისუფლებას მთელმა რიგმა საქალაქო და რაიონულმა კრებებმაც მიმართეს. წინააღმდეგობის ერთ-ერთ ლიდერად კი ახლადშექმნილი ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი ბიჭვინთა“ იქცა.

იმ მიზნით, რომ „პარლამენტში“ რატიფიკაციას „ზედმეტი ხმაურის“ გარეშე ჩაევლო, ხალხს გამოუცხადეს, თითქოს სხდომა 28 დეკემბერს ჩატარდებოდა. თუმცა ინფორმაციამ დე ფაქტო ხელისუფლების რეალური ზრახვების შესახებ გაჟონა და როგორც წინა დღით გახდა ცნობილი, „დეპუტატები“ სხდომაზე 27 დეკემბრისთვის იყვნენ დაბარებულები. მიუხედავად 26 დეკემბრის საღამოდან „პარლამენტთან“ საპროტესტო აქციის შეკრებისა, 27-ში, დილის 5 საათზე „პარლამენტარებმა“ დაჩქარებული წესით (ნახევარი საათის განმავლობაში პირველი, მეორე და საბოლოო მესამე მოსმენით) პრაქტიკულად ერთხმად მიიღეს რეზონანსული დოკუმენტი. 35 „დეპუტატიდან“ ამ „დილის სერობაში“ 28 მონაწილეობდა, მათგან 26-მა რატიფიკაციას მხარი დაუჭირა და მხოლოდ ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა. სულ რამდენიმე საათში კი ასლან ბჟანია უკვე ხელს აწერდა სახელდახელოდ მიღებულ კანონებს.

საქმე იმაშია, რომ აფხაზური კანონმდებლობა როგორც უცხო ქვეყნების, ისე უცხოეთის მოქალაქეების საკუთრებაში უძრავი ქონებისა და მიწის გადაცემას ამ დღემდე კრძალავდა, ამდენად, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ინფრასტრუქტურის ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი პრეცედენტულად იქცა. და თუ კრემლის სურვილების უკვე ცნობილი სიით ვიმსჯელებთ, ეს მხოლოდ საცდელი ქვა იყო, ერთგვარი პრელუდია მთელი აფხაზეთის მისი მოსახლეობითურთ ფუნდამენტური პრივატიზებისთვის.

რუსეთის ლოგიკა მარტივია: დავუშვათ, უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში გადმოგცეს მანქანა ან აგარაკი, რომელიც არსობრივად, უკვე თქვენია; რატომაც არ უნდა მოგინდეთ საქმის ბოლომდე მიყვანა და საკუთრების უფლების გაფორმება?!

მაგრამ კრემლმა ბჟანია სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა: სოხუმში გადატრიალების სუნი ტრიალებს; ბჟანიას წინააღმდეგ ამჯერად ამხედრდნენ არა მარტო პოპულისტი პოლიტიკოსები, რომლებიც რადიკალური ნაციონალიზმის თემას ექსპლუატირებენ, არამედ სამოქალაქო საზოგადობა და პროგრესული ახალაზრდობაც. თავისი გაუმაძღრობით კრემლმა უკვე საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რომ მოშივდა და ვინც არ უნდა მოვიდეს ამჟამინდელი დე-ფაქტო ლიდერის ნაცვლად, ვერც ის მოახერხებს რუსეთის ხელისუფლებისა და ოლიგარქების გასტრონომიული ჩვევების შეცვლას, ვერ დაარწმუნებს, იდიეტონ.

ახლა ურა-პატრიოტები ეცდებიან, ყველაფერში ბჟანია დაადანაშაულონ, არადა, საქმე მხოლოდ მასში როდია: შეცდომები დიდი ხნის წინ - ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში იქნა დაშვებული; სწორედ ვლადისლავ არძინბამ გადასცა რუსეთს მადლიერების ნიშნად უვადო სარგებლობაში ეს ტერიტორია, რომელიც უკვე მრავალი წელია, ისეა დახურული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ იქ ჩიტიც ვერ შეფრინდება. მთელი ეს წლები მას ერთპიროვნულად რუსეთი განკარგავდა, ამიერიდან კი ეს უკვე დე-იურეც რუსეთის ტერიტორიაა.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S