
შედის თუ არა აფხაზეთის ინტერესებში ინალ არძინბას მიერ გამოცხადებული ახალი ომი
21/12/2023 12:32:04 კონფლიქტები
ცოტა ხნის წინ ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ როგორც იქნა, მიაღწია მიზანს, რომლისკენაც მინისტრობის მთელი ორწლიანი პერიოდის განმავლობაში ისწრაფვოდა. ჩვენმა „სასიქადულო დიპლომატმა“ ომი გამოუცხადა, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკულ სახელმწიფო ორგანიზაციას - საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მისი სამხრეთკავკასიური ოფისის ხელმძღვანელი ჯონ პენელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, იმავდროულად აკრძალა ქართველებთან კონტაქტებიცა და ჩვენი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხების გაშუქებაზე ორიენტირებული მედიაპროექტების დაფინანსებაც.
არ ვისურვებდი სპეკულირებას იმის თაობაზე, ვისგან შეიძლება, მომდინარეობდეს მსგავსი ინიციატივა – თავად ინალი ხედავს ასეთად დიპლომატიისა და თავის, როგორც მინისტრის როლს, თუ ზემოდან - მოსკოვიდან უკარნახეს, საიდანაც „გამოაციმბირეს“ თავის დროზე სოხუმში შესაბამისი დავალებით. არძინბას მოტივაცია და სულიერი მღევარება (თუკი ასეთი არსებობს) ჩვენი საქმე არაა. ყველა იმ მაღალჩინოსნის საქმიანობაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ოფიციალურად წარმოადგენს აფხაზეთს, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ უნდა გვაინტერესებდეს - მათი კომპეტენციის დონე და რაც მთავარია, ის, თუ რამდენად სასარგებლოა მათი გადაწყვეტილებები ქვეყნისათვის. შესაბამისად, მოდით, სწორედ ამაში გავერკვეთ.
ვისი ინტერესებში მუშაობს ინალ არძინბა
დასაწყისისთვის გავერკვეთ არძინბას მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ფართო საზოგადოებისთვის ხომ ამ დრომდე დანამდვილებით მხოლოდ მისი რუსეთის მოქალაქეობაა ცნობილი, აი აფხაზური მოქალაქეობა კი არძინბას, როგორც ამბობენ, არ გააჩნია. თუ მართლაც ასეა, რატომ იკავებს ინალ არძინბა ჩვენი ქვეყნის მთავარი დიპლომატის თანამდებობას?!
ზოგადად, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მეორე მოქალაქეობის ფლობის ფაქტი არასასიამოვნოა, მაგრამ არა სასიკვდილო: ბოლოს და ბოლოს, თითქმის ყველა (შესაძლოა, ყველაც კი) ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, ვისაც ოდესმე მაღალი თანამდებობა ეკავა, ფლობს მეორე - რუსულ პასპორტს და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეა. გარდა ამისა, მსგავსი მაგალითები გვხვდება სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობებშიც. მაგალითად, მეზობელ საქართველოში საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მეორე - რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ქართულთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობასაც ფლობს. მაგრამ ერთ-ერთ საკვანძო უწყებას სათავეში ედგას ადამიანი, რომელსაც მხოლოდ უცხო ქვეყნის პასპორტი გააჩნია - თუნდაც მეგობრულის, ეს ნონსენსია ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოსთვის, მით უფრო – იმ პირობებში, როცა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან უკვე 15 წელია გასული.
ვფიქრობ, ზედმეტია იმის ახსნა, რომ მოქალაქეობის ფლობა ნიშნავს ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცს და უპირველესად სწორედ მისი ინტერესების მსახურს, თუნდაც იძულებითი „მივლინების“ პირობებში. ამდენად, ინალ არძინბას მოქალაქეობასთან დაკავშირებული „ბურუსი“ ცუდ აზრებს ბადებს.
ინალ არძინბას კომპეტენცია და მიღწეული შედეგები
ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს ახალგაზრდა მინისტრის კომპეტენციაც. კრემლის შეგირდი სამშობლოში რიგი ფინანსური სკანდალების შემდეგ გამოისტუმრეს, რომლებშიც ინალ არძინბა პუტინის „რუხ კარდინალად“ ცნობილი მაღალჩინოსნის - გავლენიანი ვლადისლავ სურკოვის თანაშემწის სტატუსში აღმოჩნდა გარეული. რუსეთში მოარული ხმების თანახმად, სურკოვმა და მისმა თანაშემწე არძინბამ პუტინისთვის ყველაზე სენსიტიურ - უკრაინის თემაზე მუშაობისას კოლოსალური თანხები მიითვისეს. საუბარია, კერძოდ, მილიონობით დოლარზე...
შესაძლებელია თუ არა, ინალ არძინბას მიერ მოსკოვში გამომუშავებული ეს „უნარები“ აფხაზეთის ინტერესებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს? საგარეო საქმეთა სამინისტრო ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა ნებისმიერი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში. მისი ამოცანა საერთაშორისო დონეზე ეროვნული ინტერესების ლობირება, კონტაქტების დამყარება, მეგობარი ქვეყნების წრის მაქსიმალური გაფართოება, კონფლიქტების ესკალაციის რისკის შემცირება და თუნდაც მტრებთან დიალოგის შენარჩუნებაა. სწორედ ეს სჭირდება დღეს აფხაზეთსაც, მაგრამ ინალ არძინბას პირობებში ამ ჩამონათვალიდან ვერაფერს ვხედავთ.
მეტიც, არძინბა სახელმწიფო უშიშროების ორგანოების კომპეტენციაში შეიჭრა - ჩვენს საზოგადოებაში შიდა მტრებსა და „ჯაშუშებს“ ეძებს, ამავდროულად კი თავისი სამინისტრო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამტარებელი უწყებიდან გადააქცია უცნაურ სიმბიოზად, რომელიც რატომღაც მედიის ცენზურით, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის დევნითაა დაკავებული.
ამასთან, ინალ არძინბასთვის სრულიად მისაღებია დიპლომატიური სანომრე ნიშნებისა და ჩვენი სახელმწიფო სიმბოლიკის მქონე სამსახურებრივი ავტომანქანებით ღამის გასეირნებები სოჭში, ვიპ-გოგონებთან ერთად მოლხენა მოსკოვში - და არაუშავს, რომ ამით დარტყმას აყენებს აფხაზეთის იმიჯს! მეტიც, მოარული ხმების თანახმად, ახალგაზრდა მინისტრი მოსკოვში აფხაზური დიპლომატიური სანომრე ნიშნებით ვაჭრობს კიდეც...
გულახდილად რომ ვთქვათ, კორუფციით ვერ გაგვაკვირვებ და მით უფრო ვერ შეგვაშინებ - ჩვეული რამაა ჩვენთვის. მაგრამ შეუძლებელია, არ შეგაშფოთოს და დაგამწუხროს იმ ფაქტმა, რომ ახალგაზრდა, განათლებულ, პერსპექტიულ აფხაზ კაცს ჩვენი სახლმწიფოსთვის ესოდენ სახელოვანი გვარით დღემდე არც ერთი ნამდვილი აფხაზი მეგობარი არ ჰყავს. საერთოდაც, როგორაა შესაძლებელი, აფხაზეთში მინისტრად ორწლიანი მუშაობის შემდეგ კაცს აქ ერთი პოლიტიკური მოკავშირე ან თუნდაც პარტიორი არ გააჩნდეს?!
სამწუხაროდ, უკვე ნათელია, რომ ინალ არძინბასთვის აფხაზეთი სრულიად უცხოა - რაღაც ხიჭვის მსგავსი. არსობრივად, მისი სახით გვყავს თვითპიარით დაკავებული ნარცისი, რომელიც სოხუმში რუსეთის ინტერესებს ატარებს, მათ შორის - აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამოსაც.
რა დაუჯდება აფხაზეთს არძინბას ომი
აფხაზეთის მთელი ბიუჯეტი, რომელსაც სანახევროდ რუსეთი ავსებს, ოდნავ აღემატება 100 მლნ ამერიკული დოლარის ექვივალენტს. ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენს ბიუჯეტსა და მოქალაქეებს ირიბად ნაწილობრივ ასუბსიდირებს საქართველოც (მხედველობაში მაქვს ენგურის ელექტროენერგია, ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის დახმარება მედიკამენტებითა და აღჭურვილობით). საექსპერტო შეფასების თანახმად, ეს თანხა, რომელიც აფხაზეთის ბიუჯეტის მთელს საშემოსავლო ნაწილს უტოლდება და შესაძლოა, აჭარბებდეს კიდეც, ორჯერ აღემატება ჩვენი ბიუჯეტის მიმართ რუსეთის პირდაპირ დახმარებას. თუმცა არც ეს დახმარებაა საკმარისი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო და საერთაშორისო სააგენტოები თუ ინსტიტუტები, მათ შორის ამიერიდან აკრძალული USAID, ისევე, როგორც ევროკავშირი, გაერო, წითელი ჯვარი და არაერთი სხვა, ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორციელებენ, რომელთა ღირებულება 40-50 მლნ დოლარს აღწევს. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წელს ეს თანხები აფხაზეთისთვის შემცირდება ერთბაშად რამდენიმე მილიონი დოლარით, რომლებზეც ინალ არძინბამ ერთი ხელის მოსმით თქვა უარი USAID-ს საქმიანობის აკრძალვით.
ვის დააზარალებს ეს გადაწყვეტილება? - ათასობით ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უამრავი სასარგებლო, მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის ჰუმანიტარული მისიის შემსრულებელი ამ ორგანიზაციის პროექტების ბენეფიციარი იყო. გარდა ამისა, დაზარალდება ასობით მოქალაქე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ პროექტების რეალიზებაში. არადა, საუბარია ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ საქმიანობის მაღალი ანაზღაურების წყალობით არა მარტო ოჯახებს ინახავდნენ, არამედ შეეძლოთ, ჰქონოდათ დამოუკიდებელი, ობიექტური შეხედულებები, არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულები კორუფციონერებზე და არ გაჰგებოდნენ, არაერთი ჩვენი ჩინოსნის მსგავსად, ფეხქვეშ რუს „ბოსებს“ - თუნდაც ისეთი დაბალი რანგისას, როგორიც მარგო სიმონიანია.
ნახეთ, სად მუშაობენ ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი ჟურნალისტები, – ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტები! ხოლო თუ ვინმე ჩვენს მედიას ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს არ ენდობა, მაშინ მოიყვანოს მათი მხრიდან ქართულ-აფხაზური ომიდან გასული მთელი 30 წლის განმავლობაში ღალატის ან ეროვნული ინტერესების კუთხით თუნდაც მცირე დათმობის ერთი მაგალითი მაინც!
და სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით მოხერხდა მეზობლებთან ურთიერთობების არა მარტო მეტ-ნაკლებად ნორმალიზება, არამედ საქართველოს რიგით მოქალაქეებს შორის აგრესიის დონის კარდინალური შემცირებაც. ყოველწიურად ჩვენი მოქალაქეები საქართველოში სამედიცინო მიზნებით 1500-ზე მეტ ვიზიტს ახორციელებენ, ზოგიერთებს რამდენჯერმეც უწევთ ჩასვლა. და ამ პროგრამის მოქმედების მრავალი წლის განმავლობაში არც ერთ აფხაზს არ დაუწუწუნია მის მიმართ ღირსებისშემლახველ ან მტრულ მოპყრობაზე, ვიზიტების ამ რაოდენობის პირობებში არც ერთი მსგავსი ინციდენტის შესახებ არაა ცნობილი. პირიქით, ჩვენების მიმართ დამოკიდებულება გამოხატულად კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ. და ეს ყველაფერი სწორედ არასამთავრობო სექტორის უდიდესი დამსახურებაა.
მაგრამ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება, არძინბასეული ინიციატივების ლოგიკური განვითარების შემთხვევაში მოხდეს, აფხაზეთში სახელმწიფო მედიის ალტერნატიული, რუსული ფულისა და კრემლელი „კურატორებისგან“ თავისუფალი მედიის მოსპობაა, - აი ამ ზღვარს იქით უკვე აღარავინ დარჩება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცველი არც რუსეთისგან, არც, სამწუხაროდ, საკუთარი ხელისუფლებისგან ისეთი სტრატეგების სახით, როგორიც კრემლის წინაშე დიდ ვალში მყოფი კორუფციონერი ინალ არძინბაა.
კიდევ სად ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას
რაღა თქმა უნდა, ინალ არძინბას საერთაშორისო NGO-ების, სხვა სააგენტოებისა და ორგანიზაციების საქმიანობა უმიზეზოდ არ აუკრძალავს. თავის განცხადებაში მან აღნიშნა, რომ იგივე USAID-ს საქმიანობა რუსეთში აკრძალულია 2012 წლიდან, ბელარუსში – 2019-დან. მინისტრმა მოიშველია „რუსი და ბელარუსი კოლეგების მოსაზრება“, რომლის თანახმად, „დასავლური NGO-ების ქსელის საქმიანობა მიმართულია ღირებულებითი ორიენტირებისა და განვითარების მოდელების შეცვლაზე, კულტურათა, რელიგიებისა და ცივილიზაციების დისკრედიტაციაზე, ისტორიის ფალსიფიცირებასა და მოძმე ხალხებს შორის ზნეობრივ-სულიერი კავშირების გაწყვეტაზე“.
ინალ არძინბას აშფოთებს ასევე რიგი აქტივობების „ანტირუსული“ ხასიათი. არადა, სინამდვილეში, მათი მიზანი რუსეთის რეალური შიდა და საგარეო პოლიტიკის წარმოჩენა, სადეზინფორმაციო პროპაგანდასთან ბრძოლა და იმ დამოუკიდებელი აფხაზი ჟურნალისტების მხარდაჭერაა, რომელთა კრიტიკული საქმიანობაც ხალხს შესაძლებლობას აძლევს, ჯერ კიდევ ბოჭავდეს ხელისუფლების სწრაფვას, ღრმად შეტენოს ჩვენი სამშობლო რუსეთში.
არც კი მინდა, შეგახსენოთ იმ ქვეყნების სია, რომლებშიც რუსეთის, ბელარუსის, ახლა კი უკვე აფხაზეთის მსგავსად, ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ბოლო მაგალითებია ნიგერი, ავღანეთი, რაღა თქმა უნდა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ.
ჩვენს ხელისუფლებას მოუნდა, მსოფლიოს სიმონიანებისა და სოლოვიოვების თვალით ვუმზერდეთ და მხოლოდ „სპუტნიკს“ ვკითხულობდეთ?! არა მგონია, ვინმეს მოეწონოს პერსპექტივა, ვიქცეთ რუსეთის მორიგ უკანა ეზოდ და დავიწყოთ ცხოვრება იმ წესებით, რომლითაც იძულებით ცხოვრობენ ჩვენი ჩრდილოეთკავკასიელი ძმები!
ნგრევა შენებაზე მარტივია!
არძინბას საზიანო ინიციატივებში „დასკვნით აკორდად“ იქცა აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაზე მიმართული პროექტების აკრძალვა, რომელმაც თემურ ნადარაიას მსგავსი რიგი ურა-პატრიოტების მხარდაჭერა დაიმსახურა.
რას გვთავაზობენ ეს ბატონები – სამუდამო მტრობასა და „ჰამასის“ მაგალითით ცხოვრებას?! იქნებ კრემლისთვის მიგვებაძა, რომელიც ჩვენს თვალწინ გამალებით ალაგებს ურთიერთობებს თბილისთან?
და საერთოდაც, ჰუმანიზმთან შეუთავსებელი ეს იდეა უბრალოდ ველურობაა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს და არ ეკადრება არც ერთ აფხაზს! ვისაც ჩვენი მრავალტანჯული მიწისა და ხალხისთვის სიკეთე სურს, არ დაიწყებს კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების აკრძალვას, - ამის გაკეთება მხოლოდ ყველა აფხაზის საერთო მტერს შეუძლია!
ინალ არძინბასა და მის მსგავსთა ლოგიკით, თუ ქართველებს შევურიგდით, ერთიანად ყველა აფხაზი აფხაზობაზე უარს ვიტყვით და სამშობლოს ვუღალატებთ?! მსგავსი მოსაზრება უბრალოდ შეურაცხმყოფელია და ამაზრზენად მახინჯ წარმოდგენას ქმნის ჩვენს ერზე!
ინალ არძინბას ხშირად შეახსენებენ, რომ მოსკოვში გავლენიანი სურკოვის შეფობით მუშაობისას იგი ყველა შესაძლო ხერხით ლობირებდა აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის თემას. ამდენად, აფხაზურ საზოგადოებაში მას დიდი ხანია, მიეკერა „მოღალატის იარლიყი“.
თუმცა მე მსგავს ფორმულირებას მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია, დავეთანხმო: თუ ინალს აფხაზური პასპორტი არ გააჩნია, იგი არა მოღალატეა, არამედ უბრალოდ რუსეთის მოქალაქე და რუსეთის პატრიოტი, მოქმედი მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, თუ საქმეს დასჭირდა - აფხაზეთის საზიანოდაც. მოღალატედ კი იგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, იქცეს, რაც საზოგადოებისთვის აფხაზური პასპორტის წარდგენას შეძლებს.
ახრა სანგულია
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება