
კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებებს შეახსენებს
16/12/2019 17:29:04 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო და საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეახსენებს.
"როგორც მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ღრმად ვარ შეშფოთებული ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც დაპირებული პოლიტიკური რეფორმების მიტოვებასა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ ცნობებს ეხება. 1991 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველომ განვითარების მყარი დემოკრატიული საფუძვლები შექმნა და დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპისადმი ერთგულებას დემონსტრირებდა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს შოკირებულები, როცა გვესმის, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულმა რეფორმამ კოლაფსი განიცადა. ამ რეფორმებზე საქართველო წლების განმავლობაში ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად მუშაობდა. ეს ვალდებულება აღებულ იქნა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ უპირველესად ქართველი ხალხის წინაშე. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება განაახლებს მოლაპარაკებას და მიიღებს ამ მნიშვნელოვან სარეფორმო პაკეტს. ქართველებს სურთ, მათი მთავრობა უფრო მეტად შეესაბამებოდეს დასავლეთს, ისინი მიისწრაფვიან ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. სწორედ ამიტომ გავიდა ბევრი ადამიანი ქუჩაში შეშფოთების მშვიდობიანი ფორმით დასაფიქსირებლად, თუმცა ისინი ძალადობრივ წინააღმდეგობას შეეჩეხნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, კანონიერი პროპორციული ძალა გამოიყენოს ძალადობრივი არეულობებისას, დემოკრატიამ აუცილებლად უნდა სცეს პატივი მოქალაქეების უფლებას, მიმართონ მშვიდობიან მეთოდებს საკუთარი აზრის გამოსახატად. დაახლოებით სამი ათწლეულია, საქართველო აშშ-ის სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახლახანს გამოხატა ერთგულება საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და გამოხატავს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას რეგიონში რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, მიჰყვეს საკუთარ ვალდებულებებს ქართველი ხალხის წინაშე. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა მომავალ წლებში საქართველოს დემოკრატიამ წინ წაიწიოს" – ნათქვამია კინზინგერის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი წერილში, რომელიც 13 დეკემბრით თარიღდება.