
ოპერის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ
06/11/2023 08:15:33 საზოგადოება
მეოთხე დღეა, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაფიცულია. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
პროფკავშირის ადვოკატი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ პერსონალს, რომელიც სპექტაკლებისთვის სცენას აწყობს, ანათებს და სხვა სამუშაოებს ასრულებს, წლებია ხელფასი არ გაზრდია და მათი ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია.
თანამშრომლებმა გაფიცვა 3 ნოემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გავიდა მედიაციისთვის გამოყოფილი 21 დღე. თანამშრომელთა გაფიცვის დაწყებას რამდენიმე საათის შემდეგ განცხადებით უპასუხა ოპერისა და ბალეტის თეატრმა. თეატრი მზად არის, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ხელფასები 35-40%–ით გაზარდოს.
"სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა", - ეწერა 3 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
თეატრი აღნიშნავდა, რომ "გაფიცულ თანამშრომელთა მიმდინარე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური - 1100 ლარს". ამ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ეს არის "ხელზე ასაღები" თანხა, თუ აკლდება გადასახადები.
„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 4 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოლიდარობას და მხარდაჭრას უცხადებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას.