მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, კიშინიოვის მერი თანამდებობას ინარჩუნებს
06/11/2023 07:14:46 მსოფლიო
მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზოგიერთ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტური სავარაუდოდ, არ იქნება დედაქალაქი კიშინიოვი, სადაც წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, "კომუნისტური და სოციალისტური პარტიების" ყოფილი წევრი იონ ჩებანი, რომელმაც 2021 წელს შექმნა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“(MAN).
წინასწარი შედეგების თანახმად, ჩებანს ხმების 50,58% აქვს. 28,27%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის „მოქმედება და სოლიდარობის“(PAS) კანდიდატი ლილიან კარპი. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.
მმართველი პარტიის კანდიდატი სამეულშიც ვერ მოხვდა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი ალექსანდრ პეტკოვი(22,6%) და დამოუკიდებელი კანდიდატი არინა კორშიკოვა(21,5%)
მოლდოვის „სოციალუსტური პარტიის" პრორუსმა ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მმართველი პარტია სახელმწიფო დაწესებულებების მიტაცებასა და მედიის დაბლოკვაში დაადანაშაულა, პრეზიდენტ მაია სანდუს „დიქტატორი“ უწოდა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
მოლდოვაში 5 ნოემბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 41,4% იყო. 8 დასახლებულ პუნქტში, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ამომრჩევლების 25%-ზე ნაკლებმა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება.


