
ისრაელის არმია: ღაზას ალყაში მოქცევა დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია იერიშების გასაძლიერებლად
06/11/2023 05:23:30 მსოფლიო
ისრაელის არმიამ დაასრულა ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევა და სანაპირო ხაზის გასწვრივ წაიწია წინ. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ. მან მიმდინარე პროცესს უწოდა „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იერიშების გასაძლიერებლად რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს.
ჰაგარის თქმით, კვირას საღამოს ფაქტობრივად დასრულდა ღაზას სექტორის გახლეჩა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა კვლავ მოუწოდა ღაზას მოსახლეობას, გადავიდნენ რეგიონის სამხრეთში მდებარე უფრო უსაფრთხო რაიონებში.
მანამდე ისრაელმა რამდენიმე საათით გახსნა დერეფანი, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასულიყო.
როგორც The New York Times-სთვის გახდა ცნობილი, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ისრაელი არასაჯაროდ ცდილობს მოელაპარაკოს ზოგიერთ ქვეყანას, რომ დროებით შეიფარონ ასეულობით ათასი პალესტინელი ღაზას სექტორიდან და ეგვიპტიდან, სანამ სექტორის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს.
გამოცემის წყაროების თქმით, ღაზადან პალესტინელების გადასახლების იდეა ისრაელის დიპლომატებმა რამდენიმე სახელმწიფოსთან განიხილეს და ის ჰუმანიტარულ ინიციატივად წარმოადგინეს. გამოცემის თანამოსაუბრეთა განცხადებით, ქვეყნების უმრავლესობამ, რომელთა შორის აშშ და დიდი ბრიტანეთიც არიან, უარყვეს წინადადება - მათ შორის იმის შიშით, რომ ლტოლვილები არ დაბრუნდებიან ღაზაში და ეგვიპტეში ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევენ.
ოქტომბერში კაირომ უარი თქვა პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე და ეს იმით ახსნა, რომ ეს ხელს შეუშლის დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას. ახლა რაფაჰის ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტით ღაზადან ეგვიპტეში გადასვლა შეუძლიათ მხოლოდ უცხოელებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელებს და დაჭრილებს.
საბრძოლო მოქმედებებამდე, რომლებიც ისრაელმა პალესტინელი ისლამისტების წინააღმდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის სამხრეთს დაესხა თავს, ღაზას სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ღაზაში „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის იერიშის გამო საკუთარი სახლი დატოვა მილიონ-ნახევარმა ადამიანმა, დაიღუპა 10 ათასამდე პალესტინელი, მათ შორის - 4800 ბავშვი.