
"მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოს ბაზრით”: სათამაშო ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
03/11/2023 14:23:01 საზოგადოება
სათამაშო ბიზნესი ეწინააღმდეგება მთავრობის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის შესახებ. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.
ირკვევა, რომ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ საქმის კურსში არ იყო სექტორი.
როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი ამბობს, სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია შესაბამისად, არ იციან, რა წერია მომზადებულ კანონპროექტში:
“ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც ყველაზე დიდ კონტრიბუციას აკეთებს ბიუჯეტში ტელევიზიიდან იგებს ცვლილებებზე, რომელიც პირდაპირ შეხებაშია ბიზნესის მომავალ განვითარებასთან”.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში აპირებენ შიდა კონსულტაციების შემდეგ შეხვედრას როგორც ფინანსთა სამინისტროსთან ისე პარლამენტის წევრებთან. იმედი არ აქვთ, რომ სექტორის შეფასებების გათვალისწინება მოხდება, თუმცა მამულაშვილი ამბობს, რომ ბიზნესი მაინც ეცდება.
“დიდი იმედი არ მაქვს რომ რაღაცას მივაღწევთ, მაგრამ ბრძოლით ვიბრძოლებთ”, - ამბობს გიორგი მამულაშვილი.
კითხვაზე თუ რა გავლენა ექნება მთავრობის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების სექტორზე ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესს მოუწევს არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია. გადაწყვეტილებას გავლენა ექნება მომხმარებელზეც, რომელიც არჩევანს გააკეთებს ისეთ ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც არალეგალურად ახორციელებს საქმიანობას, ხოლო , საქართველოს ბაზრით მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება.
“საუბარი, "ჩავკეტავთ", "ავკრძალავთ" – ილუზიაა: დავინახეთ, რომ აკრძალვებმა ბოლო წლის განმავლობაში კარგი არაფერი მოუტანა ქვეყანას – ბევრი არალეგალური ბიზნესი გაჩნდა და კიდევ უფრო მეტი არალეგალური ბიზნესი დაინტერესდება საქართველოს ბაზრით”.
ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.