Accentnews.ge
აშშ-მა ივანიშვილის მეგობრის კომპანია დაასანქცირა

აშშ-მა ივანიშვილის მეგობრის კომპანია დაასანქცირა

03/11/2023 07:11:00 პოლიტიკა

ამერიკამ რუსული საინვესტიციო კომპანია «Система» და რიგი მისი შვილობილები დაასანქცირა, - იუწყება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო (OFAC).

«Система»-ში 49,2%-იან წილს ვლადიმირ ევტუშენკოვი ფლობს, კიდევ 15,3%-იანს — მისი ვაჟი და კორპორაციის უფროსი მმართველი პარტნიორი ფელიქს ევტუშენკოვი.

ევტუშენკოვი და ივანიშვილი

ახლო წარსულში ვლადიმირ ევტუშნკოვი საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს "მეგობრად" მოიხსენიებდა.

2022 წელს ქსელში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, როგორც პუბლიკაციის ავტორები აცხადებდნენ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სატელეფონო საუბარში "ხორბალთან" დაკავშირებით დახმარებას სთხოვდა.

მოგვიანებით ევტუშენკოვმა ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა და განმარტა, რომ «Система»-ს ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა კიდეც. ამასთან, მისივე მტკიცებით, უზდენოვმა და ღარიბაშვილმა "დასვენებაზე ისაუბრეს". რაც შეეხება საკუთრივ მის საუბარს ივანიშვილთან, ევტუშენკოვის მტკიცებით, მან ივანიშვილს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, საქმიანი კავშირები კი მასთან არასდროს ჰქონია.

ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი

წარსულში სწორედ «Система»-ში მუშაობდნენ ქართველი ბიზნესმენები ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი: ორივე კომპანიის ვიცე-პრზიდენტი იყო.

ვასაძემ, რომელიც ცნობილია თავისი ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და პრორუსული პოზიციით, საქართველოში მოძრაობა "ერი" დააფუძნა.

ხიდაშელს კი უშუალო კავშირი აქვს რეზონანსულ "კარტოგრაფების საქმესთან". სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში მოსკოვიდან რუქები, რომელთა საფუძველზეც პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგების კანონიერების შესწავლა დაიწყო და ორი პირი დააკავა. შემდგომში ორივე გაათავისუფლეს. მოსკოვიდან ინიცირებულმა ამ საქმემ კი წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ იმუშავა.

კიდევ მოგვიანებით ივანიშვილის ხელისუფლებამ ხიდაშელს რაჭის ტერიტორიის თითქმის 2/3 კერძო სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადასცა, გასული წლის მარტში კი ხიდაშელმა თბილისის ცენტრში "დოქების" კომპლექსი შეიძინა.

უკრაინის კორუფციის აღკვეთის ეროვნული სააგნტოს პორტალზე «Война & Санкции» 2022 წლის სექტემბერში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ბიძინა ივანიშვილი «რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის - ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში".

გარდა ამისა, ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულ პირთა ჩამონათვალში მოხვდნენ ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელიც.

«Система»

ამერიკული უწყების პრეს-რელიზში «Система» მოხსენიებულია "ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ საჯარო დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად, წარმოდგენილობით რუსეთის თავდაცვის, საფინანსო და ტექნოლოგიურ სექტორებში". სასანქციო სიაში კორპორაცია ჩართეს, როგორც ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის საფინანსო და ტექნოლოგიურ სექტორებში ოპერირებს.

კორპორაციის გარდა, სასანქციო სიაში შეიყვანეს მასთან დაკავშირებული ლუქსემბურგული East West United Bank, სინგაპურული Sistema Asia Pte და ფონდი «Система Смарттех».

გარდა ამისა, მაბლოკირებელი სანქციები შეეხო ყველა კომპანიას, რომელშიც კორპორაციის პირდაპირი თუ ირიბი წილი 50%-ს აღემატება.

თავად კორპორაციაში სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის: ვლადიმირ ევტუშენკოვი აქამდე მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის მიერ იყო სანქცირებული, რის გამოც «Система»-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.

ჯერ კიდევ 2018 წელს ევტუშენკოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირთა ამერიკულ სიაში მოხვდა. იმავე წელს რუსეთის ლიდერმა მას მადლობა გამოუცხადა "შრომითი წარმატებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S