![პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვითარება დაიძაბა [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/9978.png)
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვითარება დაიძაბა [ვიდეო]
16/12/2019 11:58:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბიუროს სხდომაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მათ ამ უფლებას უზღუდავს.
„ეპატაჟი დაასრულეთ, ან მიბრძანდით სხდომიდან. დაბრძანდი, ვერავის შეაშინებ ფეხზე წამოდგომით. დაბრძანდით და შეიკარით ღვედები. თქვენი ეპატაჟების აქ არავის ეშინია“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.
„ბიუროზე შემოვედით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შევიდეთ ციხეში, გვითხარით, გვიშვებთ თუ არა ციხეში დაკავებულების მოსანახულებლად. ბუტაფორია ხართ თავიდან ბოლომდე, არავინ არაფერს გეკითხება. ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანობა მაინც გამოიჩინეთ, შეგვიშვით ციხეში“, – უპასუხა თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს.
პარლამენტის ბიუროს სხდომის გაგრძელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცნობისთვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს მოინახულებს. კილაძე თამლიანის და ბუდაღაშვილის მშობლებს პარლამენტში შეხვდა მას შემდეგ, რაც მათ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ. მოგვიანებით, დაკავებულთა მშეობლებზე საშვები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დაუშვა და მათ შეხვედრა შესთავაზა.