
TI: "ოცნების" წევრი დეპუტატის ოჯახი ჯავახეთში დაახლოებით, 3 800 000 მ² მიწას ფლობს, რაც მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი ტერიტორიაა
02/11/2023 15:20:28 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ ორგანიზაცია აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
"ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი", – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მისი ცნობით, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის სუმბატ კიურეღიანის ოჯახი ჯავახეთში დაახლოებით, 3 800 000 მ² მიწას ფლობს, რაც მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი ტერიტორიაა:
"სუმბატ და სეირან კიურეღიანების მფლობელობაში მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი, რამდენიმე მილიონი კვ. მ ფართობის მიწაა. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში, მანამდე 2012-2020 წლებში ის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი, სეირან კიურეღიანი კი 17 წელი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში ჯავახეთში დაახლ. 3 800 000 კვ. მ მიწას ფლობენ", – აცხადებენ TI–ში.
ორგანიზაციის სიაში სულ 151 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომელშიც, სულ მცირე, 162 მაღალი რანგის თანამდებობის პირი ფიგურირებს. ორგანიზაციის ცნობით, მათ შორის, 13 მოსამართლეა, 28 პარლამენტარი, მთავრობის 28 წევრი და|ან მოადგილე, 54 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი.
"მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე", - იუწყება TI.
ორგანიზაციის განცხადებით, "საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ".