Accentnews.ge
რას ამბობენ მღვდელმთავრები სინოდის სხდომის დაწყებამდე

რას ამბობენ მღვდელმთავრები სინოდის სხდომის დაწყებამდე

02/11/2023 10:03:16 საზოგადოება

მღვდელმთავრები უარყოფენ რიგი გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის გადადგომის საკითხზე იმსჯელებენ. რაც შეეხება პატრიარქის მოსაყდრე შიოს უფლებამოსილების გაზრდის თემას, მეუფეების ნაწილი აცხადებს, რომ „თუ ეს საკითხი დადგება, განიხილავენ".

როგორც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, "არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება".

მისი თქმით, წინასწარ უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს სინოდი.

„ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსნების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, [პატრიარქის] რა გადადგომა, როგორ შეიძლება. არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით. არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის?ღმერთი წყვეტს ზემოდან", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის განცხადებით, სხდომაზე პატრიარქის გადაყენების საკითხი არამც და არც არ დადგება.

როგორც მან აღნიშნა, თუ მაინც დადგება ეს თემა, მღვდელმთავრები ამ საკიტხს წინააღმდეგობას გაუწევენ:

„[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არც ერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელ საქართველოს უყვარს. [თუ მაინც დადგა გადადგომის საკითხი], მაინც შევეწინააღმდეგებით. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით. აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი! [პატრიარქმა გადადგომის] საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. [გადადგომის] მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

რაც შეეხება კითხვას, უნდა გაფართოვდეს თუ არა მეუფე შიოს უფლებები, მეუფე ანტონი პასუხობს, რომ მეუფე შიოს საკმარისი უფლებამოსილება აქვს და „მეტი რაღაც უნდა გაფართოვდეს“.

„თუკი გაფართოების საკითხი დადგება, განვიხილავთ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ცნობისთვის: საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაახლოებით, 13:30 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

საპატრიარქოში შესვლამდე ეპისკოპოსებს არ დაუკონკრეტებიათ, რა საკითხებზე იმსჯელებენ. მათი განმარტებით, განსახილველი საკითხების შესახებ წინასწარ არასდროს აქვთ ინფორმაცია.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ პატრიარქმა შესაძლოა მისი გადადგომის საკითხი დააყენოს, პასუხობს, რომ არაფერს ელოდება.

“[პატრიარქი] ტყუილად ხომ არ მოიწვევდა სხდომას? ყოველი სინოდის და დღესასწაულის წინ, მუდმივად ხომ არ შეიძლება ვისაუბროთ, პატრიარქი გადადგება, თუ პატრიარქი ავად არის. დაველოდოთ, იქნებ, არის საკითხები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭორებს აყოლილი ინტრიგა. უსაფუძვლო ვარაუდები, რომელიც პირველად არ ხდება, მეორდება ერთი და იგივე ხალხისგან. გამოვედი იმისთვის, რომ გითხრათ, სხდომა დაიწყო”, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ზოგიერთი მღვდელმთავარი სხდომას არ ესწრება იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S