
მერის მოადგილე: ძველისგან ორ ახალ ნაძვის ხეს გავაკეთებთ
01/11/2023 17:41:00 საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ ძველი ნაძვის ხისგან, რომელიც გასულ წელს დაზიანდა, ორ ახალ ნაძვის ხეს გააკეთებენ და თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსებენ. მერის მოადგილეს ახალი ნაძვის ხის შესაძენაც გამოცხადებულ ტენდერზე ჰკითხეს.
ანდრია ბასილაიას თქმით, მთლიანი სახით ძველ ნაძვის ხეს ვერ დადგამდნენ, რადგანაც მას გასულ წელს დაზიანდა. ამიტომაც, წელს გამოაცხადეს ახალი ტენდერი ცენტრალური ნაძვის ხის შესაძენად, რომელიც, შესყიდვების სააგენტოს თანახმად, ბიუჯეტს 720 ათასი ლარი დაუჯდება.
"როდესაც გადავწყვიტეთ ნაძვის ხის დადგმა, აღმოჩნდა, რომ როგორც იცით, ნაძვის ხეს შარშან ხანძარი გაუჩნდა. ნაძვის ხე არის დაზიანებული, წარმოადგენს გარკვეულ რისკებს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევიძინოთ ახალი ნაძვის ხე. რაც შეეხება მას, რაც შარშან იდგა რუსთაველზე, ტექნიკურად მისგან და დამატებითი მასალების გამოყენებით გავაკეთებთ ორ პატარა ზომის ხეს, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე დაიდგმება. [...]
შარშან ზამთარში არ ვიცოდით [ნაძვის ხის დაზიანების შესახებ – რედ]. დიახ მოხვდა ფოიერვერკი, რომელიც მოქალაქემ გაისროლა და ამან დააზიანა ნაძვის ხე. თუმცა, კონსტრუქციული დაზიანება რომ იყო, ეს წელს აღმოვაჩინეთ", - პასუხობს bm.ge-ის თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ახალი ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.
ამ ტენდერში კომპანია "ღამის შოუს სტუდიამ" გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის.