საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება
01/11/2023 11:33:38 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, მოქალქეობის მიღება მარტივდება. კანონპროექტს კენჭი დღეს პლენარულ სხდომაზე უყარეს.
- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონპროექტს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრობენ 5 ან მეტი წლის განმავლობაში შეეძლებათ, სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეობა მიიღონ.
- აქამდე კანონის მოთხოვნა 10 ან მეტი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრება იყო.
"დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონპროექტის მიღებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო, პარლამენტს კი მთავრობამ წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტრო განმარტებით ბარათში აღნიშნავდა, რომ მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5- წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე 2018 წელს გაიზარდა, რამაც "გარკვეული უარყოფითიზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე". უწყება განმარტავდა, რომ "მოქალაქეობის არმქონე" სტატუსის დადგენა დაიწყო 2012 წლიდან, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმდდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ 10-წლიან ცენზს, "უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად".


