Accentnews.ge
UNISEF: "ღაზა ათასობით ბავშვისთვის სასაფლაოდ გადაიქცა"

UNISEF: "ღაზა ათასობით ბავშვისთვის სასაფლაოდ გადაიქცა"

01/11/2023 06:41:53 მსოფლიო

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, "ღაზა ათასობით ბავშვისთვის სასაფლაოდ გადაიქცა".

როგორც UNICEF–ის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, უფრო მეტი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით.

"გავრცელებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზაში 3450-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი შემაძრწუნებელია. გამაოგნებელია, რომ ეს რაოდენობა ყოველ დღე მნიშვნელოვნად იზრდება. ღაზა ათასობით ბავშვისთვის სასაფლაოდ გადაიქცა. არიან დაღუპული ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა. ღაზაში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი. წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების დაღუპვა, განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო, მზარდ საშიშროებას წარმოადგენს", – განაცხადა ჯეიმს ელდერმა.

UNICEF დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზაში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით.

"თუ არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომლის გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან", განცხადა ჯეიმს ელდერმა.

ისრაელის ელჩმა ჟენევაში მეირავ ეილონ შაჰარმა, 30 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჰამასს" 33 ბავშვი ჰყავს მძევლად აყვანილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა თვისაა.

UNICEF–ის სპიკერმა თქვა, რომ ღაზას სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზაში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.

"ჩვენ 130 დღენაკლული ჩვილი გვყავს, რომლებიც არიან დამოკიდებული ინკუბატორებზე და მათი დაახლოებით 61% ღაზას ჩრდილოეთშია", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 ნოემბერს გავრცელებული მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 8525 ადამიანი, მათ შორის 3500-ზე მეტი ბავშვია.

ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბერიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 1 ნოემბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 1 ნოემბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 8 525 და დაჭრილია 18 000–ზე მეტი ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S