
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
31/10/2023 10:36:26 საზოგადოება
შავი ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც სატრანსპორტო-ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებენ და ამავე დროს შავი ზღვის დაცვის მიზნით თანამშრომლობენ, რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის წინაშე აღმოჩნდნენ. რუსეთის ფედერაციის მილიტარისტული პოლიტიკა ბოლო ოცდაათი წელია პერმანენტულად ახალი გამოწვევების წინაშე ამყოფებს რეგიონს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შავი ზღვის ეკოსისტემებს. შედეგები თვალნათელია 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, იქნება ეს სამხედრო საზღვაო ნაღმების გამოყენება, თუ კაჰოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება, რამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა შავი ზღვის სანაპირო წყლების ჩრდილოეთ ნაწილზე. უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაციამ „მილიტარისტული ამბიციები“ კვლავ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოსწია და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირის პორტი საკუთარი სამხედრო გემების ნავსაყუდელად გამოაცხადა. შეშფოთებას გამოვთქვამთ სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსების გადაწყვეტილების გამო, რაც დიდი ნაღმია რეგიონის უსაფრთხოებისთვის და საქართველოს შავი ზღვის სატრანსპორტო-ენერგეტიკული და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისათვის. აღნიშნული გამოწვევები შავი ზღვის გარემოს მეტად მოწყვლადს ხდის. მიგვაჩნია, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსება საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, არამედ შავი ზღვის აუზის ყველა დანარჩენი სახელმწიფოს მისწრაფებას ინტეგრირებულად განავითარონ ეკონომიკური კავშირები და დაიცვან შავი ზღვა ფატალური ნეგატიური ზემოქმედებისგან. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.
შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებლად აუცილებლად მივიჩნევთ საქართველოს სრულფასოვან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მივმართავთ თხოვნით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, 2023 წელს საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო; გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია "დეა"; ფონდი კავკასიის ეკოლოგია; ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - ეეცს; ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“; მწვანე რეგიონები; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა; ექსპერტთა კავშირი მდგრადი ენერგია და გარემო; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”; ველური ბუნების დაცვის საზოგადოება „ჭაობი“; თსუ-ს მდგრადი განვითარების სტუდენტური ჰაბი (SDG TSU Student Hub); ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; საქართველოს საერთაშორისო განვითარებიის სააგენტო; იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" კოდის სათემო განათლების ცენტრი; „ეკო-ცენტრი“; სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ლიახვი". საქართველოს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების ასოციაცია; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია