მამუკა მდინარაძე – ე.წ. კარვების კანონზე ვეტოს დაძლევის შესახებ: „საჩქარო არაფერია“
31/10/2023 10:13:15 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „კარვების კანონის“ ამოქმედება საჩქარო აღარაა, რადგან „ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი და ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვეღარ განახორციელებენ“.
„ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის, თქვენც ამაში დარწმუნდით, როცა „კავნასის“ ტრენინგები ვნახეთ, თუმცა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და ამას ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია. არ უარვყოფ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე, რადგან ნახევარზე მეტი, რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, დადასტურდა ერთ კვირაში. მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება საბედნიეროდ, რადგან ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ რადგან დიდი მოლოდინია პოზიტიური გადაწყვეტილების, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც არ არის, მაგრამ ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, არავინ იცის. როცა იმაზეა საუბარი, რომ მაინც და მაინც კარვები უნდა დადგან და ააფეთქონ ადამიანები, ეს მგონი, ყველას „დასაპრევენცირებელია“, არამხოლოდ ჩვენი, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, „რა ახდა სუს-ის ბრიფინგიდან“, მდინარაძე პასუხობს, რომ დადასტურდა ის, რომ „კანვასის“ ლიდერები ადამიანებს ატრენინგებდნენ.
ცნობისთვის: "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.
"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებდნენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ.
საკანონმდებლო ცვლილებებით დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია, როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.
აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
მოგვიანებით, „კარვების კანონს“ პრეზიდენტმა ვეტო დაადო.


