Accentnews.ge
ანკარა: ისრაელმა თურქულ-პალესტინური საავადმყოფო დაბომბა, ასეთ თავდასხმას ახსნა არ აქვს

ანკარა: ისრაელმა თურქულ-პალესტინური საავადმყოფო დაბომბა, ასეთ თავდასხმას ახსნა არ აქვს

31/10/2023 06:48:58 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე თურქულ-პალესტინური საავადმყოფო დაბომბა.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საამადმყოფო" ერთადერთი ჰოსპიტალია ღაზაში, რომელიც კიბოთი დაავადებულ მოქალაქეებს ემსახურება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ საავადმყოფოს მესამე სართული მნიშვნელოვნად დაზიანებულია და შენობა კვამლით არის სავსე.

"რადგან ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის დაწესებულების კოორდინატები წინასწარ იყო გაზიარებული ისრაელის ხელისუფლებისთვის, ასეთ თავდასხმას ახსნა არ აქვს“,– აცხადებს საგარეო უწყება.

ის ისრაელს მოუწოდებს, "ღაზას მოსახლეობაზე მასობრივი თავდასხმები შეწყვიტოს":

„ალყა და ეს არაადამიანური თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ღაზაში მყოფი პალესტინელი ხალხის ყველაზე ძირითადი უფლებების ჩამორთმევას, აშკარად არღვევს საერთაშორისო კანონს. ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზას მაცხოვრებლების მასობრივი თავდასხმა“.

ისრაელის არმიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთში გაიმართა პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა და ისრაელს "ოკუპანტი" უწოდა. მოგვიანებით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისრტრმა, თურქეთიდან დიპლომატების გამოწვევის თაობაზე ბრძანება გასცა.

ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბერიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 30 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 30 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 8 306 და დაჭრილია 17 500–ზე მეტი ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S