აშშ დაღესტნის აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს გმობს და რუსეთის განცხადებას უკრაინის მონაწილეობაზე "აბსურდს" უწოდებს
31/10/2023 05:40:21 მსოფლიო
აშშ დაღესტნის რეგიონის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, აეროპორტში 29 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს გმობს. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–მდივნმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
"რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ საჯაროდ დაგმოს ეს ძალადობრივი პროტესტი, პასუხისმგებლობა დააკისროს მონაწილეებს და უზრუნველყოს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების უსაფრთხოება რუსეთში", - აღნიშნა მილერმა.
რაც შეეხება კრემლის ბრალდებას, მილერმა შემდეგი განაცხადა: "გავეცანი მათ განცხადებებს უკრაინის დადანაშაულების თაობაზე. ისინი აბსურდულია".
ცნობისთვის: 29 ოქტომბერს, საღამოს თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ მაჰაჩყალაში, აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ, რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს. მოგვიანებით, თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმიც გაგზავნა და გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
კრემლმა არეულობა "გარედან ჩარევას" დააბრალა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "არეულობა დიდწილად უკრაინის ტერიტორიიდან იყო შთაგონებული, დასავლეთის ქვეყნების აგენტურის გავლით".
უკრაინამ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ მაჰაჩყალაში განვითარებული პროცესები "ასახავს რუსეთის ელიტებსა და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ანტისემიტიზმს".


