
მინისტრი: შემოწმებული კლინიკების 20%-მა რეანიმაციული და ქირურგიული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა
30/10/2023 14:10:42 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეანიმაციული და ქირურგიული სტანდარტები, რომელიც კლინიკებს პირველი სექტემბრიდან უნდა დაეკმაყოფილებინათ, შემოწმებული ობიექტების 20%-მა ვერ დააკმაყოფილა. იმავდროულად მინისტრი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არაა.
მისი ინფორმაციით, ამ კლინიკებს რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების ნებართვა ჩამოერთვათ.
„რეანიმაციული და ქირურგიულ სტანდარტებს ამ ეტაპისთვის შემოწმებული კლინიკების 20% ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ამ კლინიკებს ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ იმ საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ვფიქრობ, საერთო ჯამში ნორმალური სურათია, რომ რომელიმე რეგიონსა და ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგვექმნა. ეს მოწესრიგების პირველი ეტაპია, იმიტომ რომ მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა საერთაშორისო სტანდარტები სრულად უნდა დააკმაყოფილონ“, - განაცხადა მინისტრმა.
კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. კერძოდ, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დაეკმაყოფილებინათ. სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც.