
ფაშინიანმა საქართველოსთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან მიმართებით სომხეთის გემებზე ისაუბრა
30/10/2023 09:42:29 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში ვიზიტისას გაიმეორა საქართველოში გაკეთებული განცხადებები. კერძოდ, თქვა, რომ სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს. მან იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან საზღვრების გახსნის შესახებ შეთანხმება ახლო მომავალში მიიღწევა.
პრემიერის თქმით, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი ამ ეტაპზე უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმებების გარდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც.
„აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის“, - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს.
მისი თქმით, შეთანხმებულია სამი პრინციპი, რომელთა დაცვაც რეალურს გახდის სამშვიდობო ხელშეკრულებას: „სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა იმის გაგებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია 29 800 კვ.კმ–ია, ხოლო აზერბაიჯანის – 86600 კვ. კმ“; ალმა-ატას დეკლარაცია, გეგმის მიხედვით, უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის პოლიტიკური საფუძველი; რეგიონალური კომუნიკაციის გახსნა უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და კანონმდებლობის ურთიერთპატივისცემის პრინციპებით.
ამავე შეხვედრაზე მან ისაუბრა დანარჩენ ორ მეზობლებთან ურთიერთობის გაღღმავებაზე:
„აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება, გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება“, - განაცხადა ფაშინიანმა.