
გაიზარდა თუ არა ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა?
30/10/2023 08:21:53 ეკონომიკა, საზოგადოება
ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვისას იურიდიულ მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზარდა - ამბობს იურისტი გია ფოლადიშვილი.
იურისტი განმარტავს, რომ ისრაელის მოქალაქეები როგორც - საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო მიზნით უძრავი ქონების შესყიდვით ინტერესდებიან და მოთხოვნა განსაკუთრებით ბათუმზეა.
“ისრაელის ბაზარი ისედაც აქტიური იყო საქართველოში უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, საომარმა მოქმედებებმა საქართველოს მიმართ ისრაელის მოქალაქეების ინტერესი გაზარდა. იურიდიული მომსახურების და კონსულტაციის მიმართულებით, მომართვიანობა მინიმუმ 10-ჯერ მაინც გაიზარდა. ისრაელის მოქალაქეები ცდილობენ, ბინადრობის მოკლევადიანი ნებართვა მიიღონ საქართველოში ცხოვრების უფლებით. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ შესაძენი ფართის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, 1-წლიანი ბინადრობის უფლების მოპოვება შეუძლიათ. შესაბამისად, ვფიქრობ, ესეც განაპირობებს გაძლიერებულ ინტერესს საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით", - ამბობს იურისტი "BM.GE"–სთან.
მანამდე უძრავი ქონების ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა მებაღიშვილმა თქვა, რომ ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყებამ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახალი წინააღმდეგობრივი ტენდენციები გააჩინა. კერძოდ, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა როგორც ყიდვაზე, ისე გაყიდვის მიმართ ინტერესის ნაწილშიც არის. არსებულ ტენდენციას კი ბაზრის მოთამაშეები ჯერ ვერ ხსნიან.
“ჩვენ ვაკვირდებით ძალიან უცნაურ ფაქტორს, რომელიც ფიქსირდება ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. არის შემთხვევები, რომ ისრაელის მოქალაქეებმა დაიწყეს საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვა. შემოვიდა ზარები ისრაელის მოქალაქეების მხრიდან რომ მათ სურთ საქართველოში კუთვნილი ბინების გაყიდვა. თუმცა პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვიღებთ ზარებს შესყიდვაზეც. აქ ჩნდება უცნაური დამოკიდებულება, რაც დამაბნეველი არის ჩვენთვის როგორც უძრავი ქონების სპეციალისტებისთვის.
ჟურნალისტები ხშირად გვეკითხებიან მაგალითად რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩამოდიან თუ ტოვებენ ქვეყანას. ისრაელთან დაკავშირებით ისმის ეს კითხვები, მოდიან ისინი საქართველოში თუ გააქვთ საკუთარი ინვესტიციები”, - ამბობს "BM.GE"–სთან "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის'' (GNARE) თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილი.
კომპანია „თბილი სახლის“ მმართველი პარტნიორი ბესო ქავთარაძე კი მიუთითებს, რომ ძირითადი აქტიურობა ამ ეტაპზე საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე ისრაელში მცხოვრები ქართველებისგან შეინიშნება, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან.
“ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი არის ემიგრაციაში ისრაელში და შესაბამისად, ძირითადი ნაწილი უძრავ ქონებაზე მოთხოვნა რაც შეინიშნება არის აქედან გამომდინარე, რადგან ისინი ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში. ის რომ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე იყოს ძალიან მაღალი მოთხოვნა და დიდი ნაკადი მოდიოდეს, როგორც რუსეთის მოქალაქეებისგან იყო, ასე არ არის და არც მაქვს ამის მოლოდინი” - აცხადებს „თბილი სახლის“ მმართველი პარტნიორი.
ცნობისთვის: 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი 15 000 ბინა უცხოეთის მოქალაქეებზე გაიყიდა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, მეორე პოზიციას იკავებენ ისრაელის მოქალაქეები – გასულ წელს ისრაელის მოქალაქეებმა 1892 ბინა შეიძინეს. 2023 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, გაყიდული 5,159 ბინიდან ისრაელის მოქალაქეებმა 671 ბინა იყიდეს.