
F-16-ების ესკადრილიისა და ყველაზე მოწინავე ატომური ავიამზიდის გარდა, აშშ–მა ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი ხომალდი გაგზავნა
28/10/2023 17:00:53 მსოფლიო
აშშ–მა ხმელთაშუა ზღვაში კიდევ ერთი ავიამზიდი გაგზავნა. ავიამზიდ USS Dwight D. Eisenhower–ს თან ახლავს მართვადი რაკეტების გამანადგურებელი ხომალდები.
ისრაელსა და "ჰამასის" შორის ომის დაწყების შემდეგ – 7 ოქტომბრიდან შეერთებულმა შტატებმა ხმელთაშუა ზღვაში წარმოდგენილობა გააძლიერა. კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა:
- 8 ოქტომბერს – ყველაზე მოწინავე ატომური ავიამზიდი USS Gerald R. Ford - CVN 78. USS Dwight D. Eisenhower–ის მსგავსად, USS Gerald R. Ford - CVN 78–ს თან ახლავს მართვადი რაკეტების გამანადგურებელი ხომალდები. USS Gerald R. Ford - CVN 78 აღჭურვილია ახალი დიზაინის საფრენი გემბანით, რომელიც მას სხვა ამერიკულ გადამზიდებზე 30%-ით მეტი ფრენის განხორციელების საშუალებას აძლევს. ატომური ავიამზიდის ახალ ტექნოლოგიებს შორისაა სრულიად ახალი სარადარო სისტემა საფრთხის აღმოსაჩენად და ელექტრომაგნიტური თვითმფრინავის გაშვების სისტემა (EMALS), რომელიც გემიდან თვითმფრინავის კატაპულტირებისთვის გამოიყენება. დიზაინისა და ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი განახლების გამო გემს 600-ზე ნაკლები მეზღვაური სჭირდება, ვიდრე “Nimitz”-ის კლასის გადამზიდებს.
- 17 ოქტომბერს – 2000 ჯარისკაცი (ისარელში პოტენციური განლაგებისთვის).
- 22 ოქტომბერს – ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა(THAAD) და დამატებითი ჯარისკაცები.
- 25 ოქტომბერს – F-16-ების ესკადრილია. თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივნის პატრიკ რაიდერის განცხადებით, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას.
პენტაგონის პრეს–მდივნის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 28 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 28 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 7 326 და დაჭრილია 17 500–ზე მეტი ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.