
რუსული "Red Wings" საქართველოს მიმართულებით კვირაში 23 ავიარეისის განხორციელებას გეგმავს
27/10/2023 11:51:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსული ავიაკომპანია "Red Wings" საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით კვირაში 23 რეისი შესრულდება.
ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან:
- მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი - კვირაში სამი რეისი;
- მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი - კვირაში ხუთი რეისი;
- სანქტ-პეტერბურგი–ქუთაისი–სანქტ-პეტერბურგი - კვირაში ერთი რეისი (2 დეკემბრიდან);
- ყაზანი–ქუთაისი–ყაზანი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
- ეკატერინბურგი–ქუთაისი–ეკატერინბურგი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
- სანქტ-პეტერბურგი–თბილისი–სანქტ–პეტერბურგი – კვირაში ერთი რეისი (18 ნოემბრიდან);
- ყაზანი–თბილისი–ყაზანი - კვირაში ორი რეისი (13 ნოემბრიდან);
- სამარა–თბილისი–სამარა - კვირაში ერთი რეისი (16 ნოემბრიდან);
- ეკატერინბურგი–თბილისი–ეკატერინბურგი - კვირაში ორი რეისი (16 ნოემბრიდან);
- ჩელიაბინსკი–თბილისი–ჩელიაბინსკი - კვირაში ერთი რეისი (15 ნოემბრიდან);
- სოჭი-თბილისი-სოჭი - კვირაში სამი რეისი.
"Red Wings"-ის გარდა, ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოში ფრენებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი (კვირაში 14 რეისი), სოჭი–თბილისი–სოჭი (ორი რეისი); მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი (ორი რეისი); მინვოდი -თბილისი–მინვოდი (სამი რეისი). თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დაფრინავს ასევე ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" (კვირაში 14 რეისი).
შესაბამისად, დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა, კვირაში 58-ს მიაღწიოს.
დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა თბილისი რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფრენებს ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეასრულებს.