Accentnews.ge
ხურვალეთელის პასუხი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს: აი, ასე ვჭრი მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზთან და დროშასაც ვაფრიალებ იქვე (ვიდეო)

ხურვალეთელის პასუხი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს: აი, ასე ვჭრი მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზთან და დროშასაც ვაფრიალებ იქვე (ვიდეო)

27/10/2023 10:32:12 კონფლიქტები

"აი, ასე ვჭრი მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზთან და დროშასაც ვაფრიალებ იქვე", – ასე უპასუხა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქე ლუდა სალიამ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გუშინდელ განცხადებას.

მოქალაქემ შესაბამისი "პოსტი" სოციალურ ქსელში დაწერა.

"აი, ასე ვჭრი მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზთან. ვის გაღიზიანებთ? და დროშასაც ვაფრიალებ იქვე. რამდენიც არ უნდა გააბათ, ყოველთვის დავჭრი, ოკუპანტებო! ეს ჩვენი სოფელია, ჩვენი შარაგზა და არ გაქვთ უფლება სოფელი რომ შუაში გაგვიყავით და მავთულხლართი გააბით", - დაწერა მან სოციალურ ქსელში და რუსი ოკუპანტების მიერ გაბმული მავთულხლართის დაჭრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა:

როგორც ლუდა სალია ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, "მამა ანდრია ჯაღმაიძის გუშინდელმა განცხადებამ საშინლად გააღიზიანა".

მისი თქმით, "ასეთი პათოსი და მიდგომა დამღუპველია საქართველოსთვის და უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს".

"მავთულხლართებს მე ხშირად ვჭრი, ეს არ იყო პირველი მავთულხლართის გადაჭრა, მაგრამ ანდრია ჯაღმაიძის ნათქვამმა გამაღიზიანა საშინლად, რომ რუსს თურმე აღიზიანებს დროშა, რომელიც ტაძრებთან ახლოს არის აღმართული. [...] ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკობენ დროშები ჩამოვხსნათ და რუსი არ გავაღიზიანოთ, იქნებ სჯობდეს, საპატრიარქო რუსეთის საპატრიარქოს დაელაპარაკოს, რომ წართმეული ტაძრები დაგვიბრუნონ. ასეთი პათოსი და მიდგომა, რუსი გაღიზიანდება და რატომ დაკიდეთ დროშაო, ეს არის დამღუპველი საქართველოსთვის, ეს უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს", - აცხადებს, "ფორმულას" ცნობით, ლუდა სალია.

მას შემდეგ, რაც გუშინ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილების ფაქტზე ინფორმაცია ჯერ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა და მოგვიანებით, აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 26 ოქტომბერს მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ჩავიდა.

მან Facebook-ჩართვაში მლეთაში ოკუპანტების გადაადგილების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

რა თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ

"ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე.წ. საზღვარი, აი, ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. „ადმინისტრაციული ზოლი“ და ეს ე.წ. საზღვარი ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქითა მხარეს არის უკვე ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდევაც რუსული ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ აქ, ამოდიან და ეს გუშინ გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ერთი უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა ააფრინეს დრონი. თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდანაც შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევებიც. ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. ეს არის "სასაზღვრო ზოლი" და აქედან გამომდინარე, ამ "სასაზღვრო ზოლზე" ყოველთვის არის საფრთხეები. სამწუხარო რეალობაა, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს და ეს ხეობა ოკუპირებულია დროებით”,– აცხადებს დეკანოზი.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში და არასწორად ხდება ინფორმაციის გავრცელება, რადგან ის ტაძარი, რომლის კარიც რუსმა ოკუპანტებმა აჭედეს, სოფელ კირბალშია, მლეთაში კი სხვა ტაძარია.

"ლომისის ტაძარი რამდენიმეა საქართველოში. გუშინ ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლიმისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და შემდგომ ეს კადრები გადმოდის, მლეთაში მდებარე ლომისის წმინდა გიორგის ტაძარზე. ტელეარხის სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება რომელ ტაძარზეა საუბარი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც ჰქვია კირბალი, სოფელ კირბალში არის სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იქ. სოფელ კირბალში, რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო გადასვლა და მომლოცველები დადიოდნენ იმ ტაძარში, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იქ მიეღოთ [ოკუპანტებს] მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორში”, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

იგი მოუწოდებს ხალხს, „ნუ გაამწვავებენ სიტუაციას“:

"ნებსით თუ უნებლიედ, გაუცნობიერებლად თუ მიზანმიმართულად, ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც მოხდა ეს იმ ლომისის ტაძარში, რომელზეც მოგახსენეთ თქვენ, რომელიც არის გორის რაიონში. იქ აი ასე, დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით, და პათოსით, ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი, მისვლის საშუალებაც აღარ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა, ოკუპირებული ტერიტორიის "სასაზღვრო ზონა" და ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა და 2009 წლის მერე ეს პატრულირება ხორციელდება და არ არის ახალი ეს ამბავი".

ამავე თემაზე: რას ამბობენ მლეთაში მყოფი სასულიერო პირები ადგილზე ოკუპანტების გამოჩენის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S