კრემლი პუტინის გარდაცვალების შესახებ ცნობებს ეხმიანება
27/10/2023 09:36:48 მსოფლიო
კრემლმა უკომენტაროდ ვერ დატოვა 26 ოქტომბერს გავრცელებული ცნობები პრეზიდენტ პუტინის გარდაცვალების თაობაზე. პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პუტინი გარდაიცვალა, მის ნაცვლად ქვეყანას ორეული მართავს, თავად ქვეყანა კი სახელმწიფო გადატრიალების ზღვარზეა, "მორიგი აბსურდული ფეიქია".
აღსანიშნავია, რომ ეს კვირის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კრემლს პუტინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციების უარყოფა უწევს. 24 ოქტომბერს პესკოვმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პუტინს გული გაუჩერდა და მის ნაცვლად საჯარო ღონისძიებებს ორეული ატარებდა.
"არავითარი ორეულები არ არსებობს, პუტინი კარგადაა, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მსგავსი ცნობები კი კრემლში მხოლოდ ღიმილს იწვევს" - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.
აპრილში პესკოვი ასევე უარყოფდა ინფორმაციას პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
კრემლი პუტინის ბუნკერში ყოფნასაც უარყოფს. "არავითარ ბუნკერებში ის არასოდეს მჯდარა და არ ზის, ესეც სიცრუა და ამას ყველა ხედავს"- ირწმუნება კრემლის პრეს-მდივანი.


