
დავითაშვილი: "შუა დერეფნის" განვითარების მიზნით საქართველოში ჩამოყალიბდა კომპანია, რომელიც ჩინეთიდან მომავალ ტვირთებს მოემსახურება
27/10/2023 07:25:00 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, "შუა დერეფნის" განვითარების მიზნით საქართველოში ჩამოყალიბდა კომპანია, რომელიც ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს მოემსახურება.
მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაფორმდა.
„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზირებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.