
ლევან დავითაშვილი: ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და კატარს შორის შეთანხმება გაფორმდა
27/10/2023 07:09:00 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოსა და კატარს შორის შეთანხმება გაფორმდა.
"გაფორმდა შეთანხმება კატარის სახელმწიფოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს კატარის სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: 26-27 ოქტომბერს თბილისში რიგით მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.
ფორუმი დევიზით, „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ მაქიი და სხვები.