ეგვიპტის საკურორტო ქალაქში რაკეტა აფეთქდა
27/10/2023 06:01:43 მსოფლიო
დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. Reuters ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან ჩამოვარდა.
მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა.
ეგვიპტის ტელეკომპანია Al Qahera-ს ინფორმაციით, რაკეტის აფეთქება უკავშირდება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს. რომელი მხარის მიერ ნასროლი რაკეტა აღმოჩნდა ეგვიპტის ტერიტორიაზე ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, . ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.
ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.


