Accentnews.ge
ოსტინი: აშშ–მა სირიაში საპასუხო დარტყმები განახორციელა

ოსტინი: აშშ–მა სირიაში საპასუხო დარტყმები განახორციელა

27/10/2023 05:40:07 მსოფლიო

აშშ–მა სირიაში საპასუხო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ ობიექტზე.

"პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, 26 ოქტომბერს თავდაცვის მიზნით განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ობიექტები, რომლებსაც იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები. მაღალი სიზუსტის დარტყმები იყო პასუხი სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე ძირითადად, წარუმატებელ თავდასხმებზე", – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, პრეზიდენტის უმთავრესი პრიორიტეტი ამერიკული პერსონალის უსაფრთხოების დაცვაა, ამიტომ მისი ბრძანებით განხორციელებული დარტყმა იყო ნათელი გზავნილი, რომ აშშ არ მოითმენს თავდასხმებს და დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს და ინტერესებს.

"აშშ-ს არ სურს კონფლიქტი და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა, მაგრამ თუ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები თავდასხმებს გააგრძელებენ, აშშ უყოყმანოდ მიიღებს საჭირო ზომებს საკუთარი ხალხის დასაცავად", – განაცხადა მან.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სირიაში მდებარე ობიექტებზე დარტყმები გამიჯნულია ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტისგან და არ ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა პოზიცია შეცვალა. ოსტინის განცხადებით, აშშ ისევ დაჟინებით მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და არასახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, უარი თქვან ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, გაცილებით ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმებისას გულის შეტევით გარდაიცვალა 1 ამერიკელი სამოქალაქო პირი, რომელიც სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მუშაობდა და მსუბუქად დაშავდა 21 ამერიკელი სამხედრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S