ბაიდენი ირანს აფრთხილებს
27/10/2023 05:43:34 მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გააფრთხილა, რომ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
26 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომინიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბის ჰკითხეს, რა ფორმით მოხდა გაფრთხილება და ხომ არ შედგა სატელეფონი საუბარი.
კირბიმ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იყო პირდაპირი შეტყობინება.
ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.
26 ოქტომბერს, ამერიკელმა სამხედროებმა სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ ობიექტზე იერიში მიიტანეს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, თავდაცვის მიზნით განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ობიექტები, რომლებსაც იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები.


