"ჰამასმა" მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ 50 მძევლის დაღუპვის შესახებ განაცხადა
26/10/2023 19:55:52 მსოფლიო
მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ ღაზას სექტორში ობიექტების დაბომბვა დაიწყო, რადიკალური დაჯგუფების მიერ გატაცებული 50-მდე მძევალი მოკლეს. ამის შესახებ "იზ ალ-დინ ალ-კასმის ბრიგადები", ჰამასის შეიარაღებული ფრთა იტყობინება, – წერს AFP.
მანამდე "ჰამასის" წარმომადგენლებმა მოსკოვში ვიზიტისას რუს დიპლომატებთან მძევლების ბედი განიხილეს. ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს იქ ჩავიდა "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრი აბუ მარზუკი. მათ მიწვევას ისრაელმა "უხამსობა" უწოდა.
„მასთან კონსულტაციები გაწიეს რუსეთის პოზიციის შესაბამისად ღაზას სექტორში მყოფი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. ასევე განიხილეს პალესტინის ანკლავიდან რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის უზრუნველყოფის საკითხები“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჰამასის განცხადებაში, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ მხარეებმა მოსკოვში განიხილეს „სიონისტური აგრესია ღაზას სექტორის წინააღმდეგ და მეთოდები სიონისტური დანაშაულების შეჩერების მიზნით, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები და დასავლეთი“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჰამასი დიდად აფასებს ვლადიმირ პუტინის პოზიციას და მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ „გენოციდს, რომელსაც სიონისტური მთავრობა სჩადის“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა, მათი თქმით, მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინელი ხალხის უფლებებს.
მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ მოსკოვში რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ განაცხადა. „რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენ დამატებით შეგატყობინებთ“, - თქვა მან.
ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ აფასებს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა.
“ჰამასი" “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. "ჰამასის" მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, - განაცხადა ჰაიატმა.
ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.


