ირანი: თუ ისრაელი არ შეწყვეტს იერიშს, აშშ-ც არ იქნება დაცული ამ ცეცხლისგან
26/10/2023 19:39:25 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 26 ოქტომბერს გაეროში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს საპასუხო იერიშს ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ, აშშ-ც "არ იქნება დაცული ამ ცეცხლისგან".
მისი თქმით, ირანი არ მიესალმება რეგიონში ომის გაფართოებას და მზად არის "თავისი როლი შეასრულოს" ჰუმანიტარულ ძალისხმევაში.
მანამდე აშშ–მა არაერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, ნუ ისარგებლებენ ვითარებით და ნუ შეეცდებიან კონფლიქტის გაფართოებას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სირიასა და ერაყში ამერიკულ ბაზებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები გახშირდა.
პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კოალიციის ძალებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ მცირე 10–ჯერ დაესხნენ თავს ერაყში და სამჯერ სირიაში „სხვადასხვა ტიპის დრონებითა და რაკეტებით".
რაიდერის თქმით, დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ ამ თავდასხმებს, მხარს უჭერს ირანი.
„ჩვენ ვხედავთ უფრო მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივას აშშ-ს ჯარებისა და პერსონალის წინააღმდეგ მთელ რეგიონში უახლოეს მომავალში ირანელი მარიონეტების და, თავად ირანის მხრიდან. (...) ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ თავდაცვის უფლებას და არასდროს ვიორჭოფებთ ზომების მიღების თაობაზე აუცილებლობის შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საზღვარგარეთ ჩვენი ძალების და ინტერესების დაცვას“, - განაცხადა რაიდერმა.
25 ოქტომბერს მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა აშშ–ის სახელმწიფო მინისტრმაც.
ისრაელში რადიკალური "ჰამასის" ბოევიკების შეჭრის შემდეგ, ერაყის შეიარაღებულმა ჯგუფებმა "გააფრთხილეს" ვაშინგტონი, არ ჩარეულიყო ომში. 19 ოქტომბერს, ჩრდილოეთ წითელ ზღვაში განლაგებულმა ამერიკულმა ხომალდმა გაანეიტრალა სამი ფრთოსანი რაკეტა და რამდენიმე დრონი, რომლებიც იემენიდან გაუშვეს ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუთის" მოძრაობის წევრებმა.
პენტაგონმა განაცხადა, რომ რაკეტები და დრონები სავარაუდოდ, ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული. 20 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს გაუგზავნა თხოვნა ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ; სავარაუდოდ, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი გაიგზავნება ისრაელში.


