ესტონეთის პრემიერი: უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას
26/10/2023 15:40:16 მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის პრობლემა ხდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ ისაუბრა,– The Guardian.
"ეს ხდება პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებაში ეს უფრო და უფრო რთულდება", - განაცხადა კალასმა.
ესტონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირს არ გააჩნია ძლიერი ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს უნგრეთის ქმედებებს.
კალასს უკვირს, რომ უნგრეთი აგრძელებს წევრი ქვეყნების უმეტესობის საწინააღმდეგო შეხედულებების მხარდაჭერას და მაღალი ინფლაციის მიუხედავად რჩება ევროზონის მიღმა.
„უნგრეთს სჭირდება ევროკავშირი“, – დასძინა კალასმა.
პრემიერ–მინიტრი ვიქტორ ორბანი გამოირჩევა ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებებით და გადაწყვეტილებებით, რის გამოც მას ხშირად ევროკავშირში რუსეთის "ტროას ცხენად" მოიხსენიებენ. რამდენიმე დღის წინ კი უფრო შორს წავიდა და უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.
24 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მიანიშნა, რომ უნგრეთი ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში ევროკავშირის წევრი აღარ უნდა იყოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა კი შეახსენა, რომ „არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი“.
„უნგრეთს გამოცდილი აქვს საბჭოთა ოკუპაცია. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი, რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი... მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლიმონტს [შენობა, სადაც ევროკომისიაა განთავსებული] შორის, იქ მე არც ერთი ტანკი და იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი", – განაცხადა ბორელმა "ევროპული რეფორმების ცენტრის" ყოველწლიურ კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროპა და მსოფლიო“.


