სლოვაკეთის ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებით რიტორიკას ცვლის
26/10/2023 15:24:48 მსოფლიო
სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ მისი ქვეყანა დაზიანდება.
ამასთან, მან თქვა, რომ მხარს დაუჭერს "ნულოვან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის - ევროკავშირი იარაღის მიმწოდებლიდან მშვიდობისმყოფელად უნდა იქცეს".
ხელისუფლებაში ფიცოს მოსვლამდე სლოვაკეთი აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას, მკაფიოდ პოზიციონირებდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, საუბრობდა მისგან მომდინარე საფრთხეზე, აწვდიდა იარაღს კიევს, უერთდებოდა ევროკავშირის სანქციებს. თუ ფიცოს მთავრობა შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ამით სლოვაკეთი იქნება "ვიშეგრადის ოთხეულიდან" მეორე სახელმწიფო, უნგრეთის შემდეგ, რომელიც უარს ამბობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ჯგუფში ასევე შედიან პოლონეთი და ჩეხეთი, რომლებიც რჩებიან უკრაინის მხარდამჭერებად.
"ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის", - თქვა ფიცომ პარლამენტის ევროპული კომიტეტის წინაშე გამოსვლაში.
მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ "10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთი ხოცონ".
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ფიცოს სიტყვების პასუხად კრემლმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პოზიცია კონფლიქტს, დიდი ალბათობით, არ შეცვლის, ვინაიდან ბრატისლავა მინიმალურ როლს ასრულებს უკრაინის არმიისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაში.


