მედია: რუსი სამხედრო მეთაურები კოლეგების მკვლელობისთვის დააკავეს
26/10/2023 14:12:50 მსოფლიო
უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფ „შტორმ-გლადიატორის“ მეთაური და მისი მოადგილე. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ორი თანამებრძოლის მკვლელობაში, - იუწყებიან ტელეგრამ–არხები, თუმცა ინფორმაცია მოსკოვში ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
„ასტრა“ წერს, რომ ეჭვმიტანილთა შორისაა დანაყოფის მეთაური ალექსანდრ ოსტაშკოვი, მისი მოადგილე მაგომედ მაგომედოვი. მათი მსხვერპლი გახდნენ 60 წლის შაკირ აკბეროვი და 57 წლის ანდრეი ლუკაშინი.
18 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა ცხედრები სოფელ ზელიონი-იარის ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს. სამხედროები დანაყოფ „შტორმ Z-ის" დაქირავებულები იყვნენ. თავად ეს დანაყოფი კი დაკომპლექტებულია იმ პატიმრებით, რომლებიც უკრაინაში საომრად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიბირა.
ყველა აღნიშნული სამხედრო, როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ნასამართლევია: კერძოდ, მაგომედოვი – ქურდობისა და ყაჩაღობისთვის (რიგი ცნობების მიხედვით, ასევე თაღლითობისთვის), ხოლო ოსტაშკოვი – თაღლითობის, ძარცვის, ქურდობისა და გაფლანგვისთვის. აკბეროვსა და ლუკაშინს ასევე ჰქონდათ კრიმინალური წარსული: პირველი – ნარკოტიკებისთვის, მეორე – ქურდობის, ყაჩაღობის და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის იხდიდა სასჯელს.
იხილეთ ასევე: რუსულ არმიაში პრობლემებთან გასამკლავებლად სტალინური პრაქტიკა დააბრუნეს


