
ისრაელმა მთავარი ოპერაციის დაწყებამდე ღაზაში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა
26/10/2023 08:20:30 მსოფლიო
ისრაელმა მთავარი ოპერაციის დაწყებამდე ღაზაში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ავრცელებს.
„ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელა მიზანში ამოღებული რეიდი ტანკების გამოყენებით ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორც ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილი“, - აცხადებენ არმიაში.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 360 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 26 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 203 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 26 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 6 546 და დაჭრილია 17 400–ზე მეტი ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.