ISW: რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი ბავშვების იძულებით მილიტარიზაციას ახორციელებენ
26/10/2023 06:52:49 მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია აგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელი ბავშვების იძულებით მილიტარიზაციას, - წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ახალ მიმოხილვაში.
„25 ოქტომბერს ხერსონის ოლქის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკადოვსკიდან სკოლის 12 მოსწავლემ დადო ფიცი „რუსული სახელმწიფოს ძალაუფლების გაძლიერებაზე“ და გახდნენ კადეტები. ხერსონის ოლქის ოკუპაციის „განათლების სამინისტრომ“ მაღალი შეფასება მისცა სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის კადეტთა მოძრაობის აღდგენას რუსული სამხედრო-პატრიოტული ღირებულებების გავრცელების კონტექსტში“, - წერენ ანალიტიკოსები.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამოყენებას უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გასამართლებლად. მაგალითად მოყვანილია საოკუპაციო ძალების მონაცემები, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს 70 ბავშვი ოკუპირებული დონბასიდან მოსკოვში გაგზავნეს "ოპერაციებისთვის".
„ISW-მა ადრე აღნიშნა, თუ როგორ ასახლებენ რუსი ოფიციალური პირები ბავშვებს რუსეთში სამედიცინო ან ფსიქიატრიული საჭიროების საფარქვეშ და არ აბრუნებენ მათ სახლში, უკრაინაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა 20 ათასამდე უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოახდინა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სინამდვილეში ეს რიცხვები გაცილებით მაღალია.


