თურქეთმა შვედეთის განაცხადის რატიფიცირების პროცესი დაიწყო NATO-ში გაწევრიანების თაობაზე
25/10/2023 14:27:36 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა ხელი მოაწერა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს,– იუწყება გამოცემა Hürriyet.
გამოცემა წერს, რომ შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების პროტოკოლი, რომელსაც თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი, სპიკერმა ნუმან ქურთულმუშმაც დაამტკიცა.
ამ დროისთვის გაწევრიანებაზე განაცხადი თურქეთის საგარეო საქმეთა კომისიაშია შესული.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.
დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.
შვედეთმა, ისევე როგორც მანამდე ნეიტრალურმა ფინეთმა, ნატო–ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს წარადგინეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან მალევე. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა. შვედეთის გაწევრიანება დაბლოკეს თურქეთმა და უნგრეთმა.
სანაცვლოდ ანკარამ სტოკჰოლმს რიგი მოთხოვნები წაუყენა, მათ შორის ქურთების მუშათა პარტიის აქტივისტების ექსტრადირება, რომლებსაც ის ტერორისტებად მიიჩნევს და რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს შვედეთში; შვედეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს გაუქმებას. ამასთან, ერდოღანმა მკაცრად დაგმო შვედი აქტივისტების მიერ ყურანის დაწვის ინციდენტები.
მიმდინარე წლის ივლისში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ შეუშლის ხელს შვედეთს გაერთიანებაში გაწევრიანებაში. დაპირებამ ნატოს სამიტამდე ერდოღანის აშშ–ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გაიჟღერა.
იმისათვის, რომ შვედეთი ნატო–ში გაწევრიანდეს, მისი განაცხადი ალიანსის ყველა წევრმა უნდა დაამტკიცოს. ნატო ამჟამად 31 სახელმწიფოს აერთიანებს.


