პლეტენჩუკი: უკრაინულ დრონებს ქერჩის ხიდზე რუსული თავდაცვის გადალახვა შეუძლიათ
25/10/2023 13:43:38 მსოფლიო
უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, გადალახონ რუსული თავდაცვა ქერჩის (ყირიმის) ხიდზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის მიუხედავად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.
„იქ უკვე საბრძოლო დელფინებიც ჰყავთ. არ ვიცი, კიდევ რა უნდა დაემატოს ამ უსაფრთხოების სისტემას, რადგან ვხედავთ, რომ იქ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ – მათ ჩაძირულ ბარჟებზე ბუმები დაჭიმეს ჩვენს საზღვაო დრონების წინააღმდეგ, მაგრამ გასასვლელი რჩება. ცხადია, გასასვლელი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ იქ ჩვენი მცირე ზომის დრონი შეიპაროს. რუსებს ახლა იქ დაახლოებით 10 ერთეული გემი და კატერი ჰყავთ, რომლებიც პერიოდულად ანაცვლებენ ერთმანეთს. მტრის ტაქტიკა მარტივია - მაქსიმალურად შევიწროვდეს ეს გადასასვლელი, რათა იქ დაელოდონ შესაძლო სამიზნეებს და დახვრიტონ ისინი“, - თქვა პლეტენჩუკმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ქერჩის ხიდის მიდამოში საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად მორიგეობენ რუსული ქიმიური ჯარები, კერძოდ, სპეციალური კვამლის მანქანები, რომლებიც ასხურებენ აეროზოლს, რომელიც შექმნილია უცხოური წარმოების ფრთოსანი რაკეტების მართვის სისტემის დეზორიენტირებისთვის.
მიუხედავად ამისა, დიმიტრი პლეტენჩუკმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ ქერჩის ხიდი განადგურდება, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როდესაც ამას თავას "სიტუაცია მოითხოვს".
2022 წლის აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმის. ორჯერ მოხდა აფეთქება ყირიმის ხიდზე, რომელსაც რუსებისთვის ლოგისტიკური დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, ეს ოკუპაციის სიმბოლოა.


