WP რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის კონტაქტებზე წერს
25/10/2023 12:37:41 მსოფლიო
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, მიუხედავად აქტიური საომარი მოქმედებებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების არარსებობისა, აგრძელებენ ერთმანეთთან კონტაქტს და ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს წყვეტენ, მათ შორის ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის, რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების შინ დაბრუნების თაობაზე. ამის შესახებ Washington Post მოლაპარაკებების უკრაინელ მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.
რიგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს შუამავლების, მათ შორის თურქეთის, ვატიკანის, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით. ზოგჯერ კი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები პირადად ურთიერთობენ, კერძოდ, სტამბულში, ან ტელეფონით.
დიმიტრი უსოვმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელმა, რომელიც ხელმძღვანელობს პატიმრების გაცვლის საკოორდინაციო ცენტრს, დაადასტურა რუსეთთან საკომუნიკაციო არხების არსებობა. ოლეგ კოტენკოს თქმით, რომელიც მანამდე უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში, დაახლოებით 1700 ცხედრის გადასვენება მოხერხდა. თავად რუსეთი თავის სტატისტიკას არ ასაჯაროებს.
ვატიკანის შუამავლობით უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან დატყვევებული მშვიდობიანი მოქალაქეების, მაგალითად, მზარეულების ან ექიმების გათავისუფლებაზე. ამ მისიის შედეგები ცნობილი არაა.
კატარი თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად ასრულებს შუამავლის როლს უკრაინიდან წაყვანილი ბავშვების დაბრუნების საკითხში.
უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დიმიტრი ლუბინეცის განცხადებით, ამ საკითხის ირგვლივ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის კომისარ ტატიანა მოსკალკოვასთან შედეგი არ გამოიღო. თუმცა, მიმდინარე წლის მარტიდან უკრაინაში ბავშვების მცირე ჯგუფების დაბრუნება დაიწყეს მათი მშობლების ან მეურვეების რუსეთში გადასვლის გარეშე, რასაც ჩვეულებრივ რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს. ისინი კვეთენ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა ბავშვების დეპორტაციაში მისი როლის გამო. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბრის დრო ჯერ არ არის.


